აჭარაში ტურისტული სეზონი გაიხსნა

   აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საზაფხულო სეზონს დღეს “საოცრებათა პარკში” გახსნის. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნა ზღვაზე დასვენებასთან დაკავშირებული სპორტული და გასართობი ღონისძიებებით იქნება გამორჩეული. “საოცრებათა პარკის” ტერიტორიაზე დასარტყამი ინსტრუმენტებით კოსტიუმირებული მსახიობები საკარნავალო მსვლელობით დამსვენებლებს სანაპიროსთან შეკრებისაკენ მოუწოდებენ, სადაც მოწყობილია სცენა.
სანაპიროზე მოწყობილი იქნება ფრენბურთის მოედანი, მაგიდის ჩოგბურთი, ქუჩის კალათბურთი, ხელბურთი, ტანმოვარჯიშეების მოედანი, ველო-აკრობატების ზღვაში სახტუნაო ტრამპლინი, პოდიუმი საცურაო კოსტუმების ჩვენებისთვის, მოსასვენებლი შეზლონგები, ზღვაში მოწყობილი წყალბურთის მოედანი და საცურაო ბილიკები მოცურავეთათვის. ღონისძიებებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს, გუნდებად ჩამოყალიბებაში დახმარებას გაუწევენ ღონისძიების წამყვანები: ნუკი კოშკელიშვილი და კოტიკო თოლორაია. ზღვის პერიმეტრზე განთავსებული იქნება სხვადასხვა საცურაო საშუალებები – სკუტერები, ნავები, კაიაკიები, აფრიანი იახტა, ხოლო ჰაერში იფრენს პარაშუტები და 3 პარაპლანი.
ღონისძიებების დაწყების წინ წამყვანები პლიაჟთან შეკრებილებს აცნობებენ სამაშველო სამსახურის მობილიზაციის შესახებ. მსურველებს შეუძლიათ ნავებით, კაიაკებით, ზღვის ბანანებით გასეირნება და პარაშუტებით სარგებლობა.
ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, 21:00 საათზე კი მომღერალი დათო ხუჯაძის და “გუფი ლენდის” კონცერტი გაიმართება. 23:00 საათზე ბულვარის მოცეკვავე შადრევნებთან ფეიერვერკი გაანათებს ცას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები