“გელოდებით განმუხურის თეატრში”- სანდრა რულოვსი სატელევიზიო დებატებზე კვლავ უარს აცხადებს (ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა ოპონენტის, “ქართული ოცნების” კანდიდატის, გიორგი შენგელიას სატელევიზიო დებატებში მიწვევას მორიგი ვიდეომიმართვით უპასუხა.
“გელოდებით 16 მაისს, 5 საათზე, განმუხურის ამფითეატრში.
არაფერი გვექნება გადასახდელი, რადგან იქაურობას პატრონი არ ჰყავს”,- ამბობს სანდრა რულოვსი ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, მმართველი გუნდის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ სანდრა რულოვსი სატელევიზიო დებატებში რამდენიმე დღის წინ გამოიწვია. შენგელიას შეთავაზებით, დებატები “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” უნდა გამართულიყო და მას ყველა მედიასაშუალება დაესწრებოდა.
შენგელიას შეთავაზებას რულოვსმა ორი დღის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეომიმართვით უპასუხა. ვიდეოში სანდრა რულოვსმა სატელევიზიო დებატებზე უარი განაცხადა და ღია სივრცეში მოსახლეობასთან ერთად შეხვედრის იდეა წამოაყენა.
მალევე, გიორგი შენგელიამ გაავრცელა მიმართვა და ოპონენტს კიდევ ერთხელ შესთავაზა დებატები, რომლის ფორმატზეც ერთობლივად შეთანხმდებოდნენ და ყველასთვის მისაღებ ვერსიაზე შეჯერდებოდნენ, რაზეც რულოსვმა კვლავ ვიდეომიმართვით უპასუხა და დებატებზე უარი მეორედ განაცხადა.