გიორგი შენგელია სანდრა რულოვსს დებატებში კიდევ ერთხელ იწვევს და ყველასთვის მისაღებ ფორმატს სთავაზობს  (ვიდეო)

” მათი მიზანი არ არის ზუგდიდელებთან კონკრეტულ გეგმებზე საუბარი, მათ სურთ დაპირისპირება. მე ზუგდიდელებს ერთმანეთს არ დავაპირისპირებ”, – ამის შესახებ ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი შენგელიამ, სანდრა რულოვსის ვიდეომიმართვის საპასუხოდ, განაცხადა.გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ოპონენტის, გიორგი შენგელიას დებატებში გამოწვევას სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით უპასუხა და სატელევიზიო დებატების ნაცვლად, ღია სივრცეში, მოსახლეობასთან ერთად საუბრის სურვილი გააჟღერა.მმართველი გუნდის კანდიდატის, გიორგი შენგელიას შეფასებით, მისი ოპონენტი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ფორმატზე უარს აცხადებს, რადგან მას არ აქვს კონკრეტული გეგმები.
“წინასაარჩევნო კამპანია ყველა ქვეყანაში გარკვეული ფორმატით წარიმართება. ასე ხდება ჰოლანდიაშიც და საქართველოშიც. ჩვენ მიერ შეთავაზებულ ფორმატზე ოპონენტები უარს ამბობენ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ სალაპარაკო ხალხთან, არ აქვთ კონკრეტული გეგმები”,- განაცხადა შენგელიამ.
გიორგი შენგელიამ ოპონენტს კიდევ ერთხელ შესთავაზა დებატებში მონაწილეობა, რომელზეც ყველა მედიასაშუალება იქნება წარმოდგენილი და მოსახლეობის პრობლემების შესახებ იმსჯელებენ.
“ჩვენ შეგვიძლია, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანხმობის შენთხვევაში, მოვიწვიოთ ჟურნალისტები ყველა ტელევიზიიდან. შევიმუშაოთ ყველასთვის მისაღები ფორმატი, რათა ზუგდიდელების კითხვებსა და იმ საკითხებსაც, რაც მათ აწუხებთ პასუხი გაეცეს. მე კიდევ ერთხელ ვთავაზობ ქალბატონ სანდრას დებატებში მონაწილეობას, რათა შევთავაზოთ მოსახლეობას კონკრეტული გეგმები”,- განაცხადა გიორგი შენგელიამ.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სატელევიზიო დებატებში მიიწვია, სანდრა რულოვსმა გამოწვევას სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით უპასუხა და სატელევიზიო ფორმატზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები