„სახალხო პარტიის“ „ნაკურთხი“ შეხვედრა ამომრჩეველთან
„სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები ამომრჩევლების კეთილგანწყობის მოპოვებას მოძღვრის მიერ „კურთხეული“ პოლიტიკური საქმიანობით ცდილობენ. პარტიის წევრმა ერთ-ერთ ამომრჩეველს ნათია ომანიძეს პარტიის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თეო პაიჭაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რა დროსაც აღნიშნა, რომ პაიჭაძის პოლიტიკური საქმიანობა მამა ბასილ ანთაძის მიერ არის კურთხეული.
როგორც ნათია ომანიძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, „სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი მასთან მივიდა და უთხრა, რომ მღვდლებს პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ აქვთ, ამიტომ „სახალხო პარტია“ მათ ნაცვლად იმოქმედებს. ომანიძეს ორშაბათს 8 საათზე, აბაშიძის 44-ში „სახალხო პარტიის“ ვაკის მაჟორიტარ კანდიდატ თეო პაიჭაძესთან შეხვედრაზე მისვლა მოუწოდეს.
„მოვიდნენ და მითხრეს, რომ „სახალხო პარტიიდან“ ვართო. მღვდლები არჩევნებში ვერ მონაწილეობენ და მათ მაგივრად საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთო. მღვდლები პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ამიტომ მათ მაგივრად უნდა ვიმოქმედოთო. მითხრეს, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან – პაიჭაძესთან შესახვედრად აბაშიძის 44 ნომერში ორშაბათს, 8 საათზე, მივსულიყავი და მისთვის მხარი დამეჭირა. შინაურული საუბრისას გამომიტყდა, რომ პარტიისა და პაიჭაძის საქმიანობა მამა ბასილ ანთაძემ აკურთხა“, – ამბობს ამომრჩეველი ნათია ომანიძე.
„კვირა“ იმის გადასამოწმებლად, არის თუ არა „სახალხო პარტიის“ და მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საქმიანობა მამა ბასილ ანთაძის მიერ კურთხეული, პარტიის თავმჯდომარეს და თავად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დაუკავშირდა.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას თეო პაიჭაძემ განაცხადა, იგი ნამდვილად მორწმუნე ადამიანია, მოძღვარიც ჰყავს, თუმცა ეს არ არის მამა ბასილი და მისგან არც პოლიტიკური საქმიანობის დაწყების კურთხევა აუღია. მისივე თქმით, როდესაც ის რაიმე მნიშვნელოვან საქმეს იწყებს, ყოველთვის იღებს კურთხევას მოძღვრისგან, რათა ეს საქმიანობა წარმატებული იყოს. პაიჭაძემ ასევე აღნიშნა, რომ თავის სულიერ მამას პოლიტიკაში წავლის გადაწყვეტილებაც გააცნო და მისგან კურთხევა აიღო.
რაც შეეხება „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლის განცხადებას, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საქმიანობა მამა ბასილის მიერ არის კურთხეული, როგორც თეო პაიჭაძემ „კვირას“ განუცხადა, ალბათ ხალხმა იცის, რომ იგი ძალიან მორწმუნეა, ამიტომ მასთან შეხვედრის მოწოდების ეს განცხადება პარტიის წარმომადგენელმა თავისი ინიციატივით გააკეთა.
„მე მამა ბასილისგან კურთხევა არ ამიღია და ის ჩემი სულიერი მოძღვარი არ არის. რამდენიმე წელია არც მინახავს. ჩემს შეხვედრაზე ეკლესიური საკითხების ხსენება არ ყოფილა. მე ეკლესიის მრევლი ნამდვილად ვარ. ჩემი მიძღვარიც მყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე შევიზღუდო, არ ვიყო პოლიტიკაში და არ ვიმუშავო. ეკლესიურიც ნადვილად ვარ. ხალხი ჭრელია. ალბათ იცის, რომ ეკლესიური ვარ და თავისი დასკვნა გამოიტანა. როცა საქმეს იწყებ – სახლის მშენებლობაში თუ ოჯახის შექმნაში, ან ნებისმიერი სერიოზული საქმისთვის კურთხევა უნდა აიღო, რომ წარმატება გქონდეს.
როდესაც გადავწყვიტე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წასვლა, მოძღვარს ვთხოვე, რომ კურთხევა მოეცა ჩემთვის. შეიძლება ჩემს მოძღვარს სულ სხვა პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდეს. ჩვენ პოლიტიკურ საკითხებს არ ვაჯამებთ. მან მე მაკურთხა, დამლოცა და მითხრა, რომ შემიძლია პოლიტიკაში წავიდე, ამის უნარი მაქვს. ეს ბუნებრივი ამბავია. ეს არ ნიშნავს, რომ მან მიმითითა. უბრალოდ ვკითხე და მომცა კურთხევა“, – აღნიშნა თეო პაიჭაძემ.
როგორც „კვირას“ „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ მამუკა გიორგაძემ განუცხადა, ნებისმიერ საქმეზე თავისი სულიერი მამისგან კურთხევას აუცილებლად იღებს. მისივე თქმით, ყველას თავისი მოძღვარი ჰყავს, რომელიც გარკვეულ მითითებებს აძლევს.
„ბუნებრივია, ნებისმიერი მორწმუნე ადამიანი მიდის თავის მოძღვართან და საკუთარ საქმიანობაზე იღებს კურთხევას, მით უმეტეს, ისეთი ღირსეული მოძღვრისგან, როგორიც ჰყავს თეო პაიჭაძეს, მამა ალექსანდრე ბოლქვაძისგან. მამა ბასილი კი ჩემი დიდი ხნის ახლობელია. ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს. მე ჩემი მოძღვარიც მყავს. გარკვეულ ნაბიჯებზე მისგან ვიღებ კურთხევას. ეს მორწმუნე ადამიანისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველა ჩვენ ჩვენს მოძღვართან მივდივართ და გარკვეულ მითითებებს გვაძლევს. ბუნებრივია, ნებისმიერი ადამიანი ხაზს უსვამს თავისი აღმსარებლობის საკითხებს. ეს არის მსოფლმხედველობის გამოხატულება“, – განაცხადა მამუკა გიორგაძემ.
როგორც გიორგაძემ აღნიშნა, მისი პარტიის ვაკის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი თეო პაიჭაძე ძალიან მორწმუნე ქალბატონია, იგი ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის შვილიშვილი და ოთხი შვილის დედა.