ენმ-ს ჩავარდნილი ბრიფინგი ზუგდიდში და ტყუილში გამოჭერილი ლიდერები – რატომ გამოგლიჯეს ჟურნალისტებს ხელიდან ედემ თოდუა

ჩავარდნილი ბრიფინგი ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციაში. “ნაცმოძრაობის” საარჩევნო შტაბში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა ხელისუფლება ოპოზიციის წევრების შანტაჟსა და ზეწოლაში დაადანაშაულა და ამის დასამტკიცებლად, გვერდით, ედემ თოდუა დაიყენა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ “ნაციონალური მოძრაობა”, 30-მდე წევრთან ერთად, იმ მიზეზით დატოვა, რომ მას კობა ნაყოფიამ დაპირებული ფული არ გადაუხადა.
2 დღის წინ, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სანდრა რულოვსმა და გრიგოლ ვაშაძემ კატეგორიულად უარყვეს, რომ თოდუა, ზუხბაია და დანარჩენი პირები მათი პარტიის წევრები იყვნენ და ამ თემას ენმ-მ ბრიფინგებიც მიუძღვნა. თუმცა დღეს „პირველი ჩვენება“ შეცვალეს. ლევან ბეჟაშვილმა პრესკონფერენციაზე ედემ თოდუა გვერდში მოიყენა და საზოგადოებას ის. როგორც თავიანთი პარტიის წევრი, ისე წარუდგინა, რომელიც ხელისუფლებამ დააშანტაჟა. ბეჟაშვილი მედიას 10 წუთის განმავლობაში არწმუნებდა, რომ თოდუამ შტაბის წინააღმდეგ განცხადებები მოტყუებით და ზეწოლის შედეგად გააკეთა და ამაში ქრთამის სახით 600 ლარიც მიიღო.
თუმცა, თავად დღევანდელი დღის „გმირმა“, ედემ თოდუამ ამავე ბრიფინგის შემდეგ, ჟურნალისტებს საწინააღმდეგო განუცხადა და მასზე ზეწოლის ფაქტი კატეგორიულად უარყო. მან განაცხადა, რომ არავის მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. როგორც ჩანს, მისი ეს განცხადება “ნაციონალების ლიდერებს” არ მოეწონათ და რესპონდენტი ჟურნალისტებს, ფაქტობრივად, ხელიდან გამოგლიჯეს.
“არაფერი ზეწოლა არ ყოფილა. შევხვდი ზუხბაიას და დადიანების სასახლეში წავედით, იქ ჟურნალისტი შეგვხვდა, რომელმაც ინტერვიუ მთხოვა “ნაცმოძრაობის” დატოვებასთან დაკავშირებით. არ ვიცი, იმ მომენტში რა დამემართა, ვუთხარი, კი ნაწყენი ვარ-მეთქი და ჩავეწერე. 600 ლარი გადამიხადეს ამაში. გოგა ზუხბაიამ მომცა. რაში ავიღე, არ ვიცი, მოხდა ასე, შევცდი და ავიღე. მე მაშინაც და ახლაც “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი ვარ”, – განაცხადა  ედემ თოდუამ.
თოდუამ მოგვიანებით კომენტარი ცალკე “კვირასთანაც” გააკეთა, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის შემდეგ, იცის თუ არა მან რომ ცილისწამება კანონით ისჯება, მან “ ჩვენება“ ხელმეორედ შეცვალა და ამჯერად, ქრთამის სახით 600 ლარის აღების ფაქტიც უარყო.

ფაქტია ენმ-ს დღევანდელი ბრიფინგი „ჩაეშალა“ და მედიამ რამდენიმე ტყუილშიც ამხილა:
1, გამოაშკარავდა სანდრა რულოვსის და გრიგოლ ვაშაძის ტყუილი, სადაც ისინი საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ზუხბაია და თოდუა “ნაცმოძრაობის” წევრები არასდროს ყოფილან;
2. გამოაშკარავდა, რომ ლევან ბეჟაშვილის დღევანდელი ბრიფინგიც ცრუ ფაქტებზე იყო აგებული.

დაინტერესდება, თუ არა შსს ედემ თოდუას საკითხით, ამ ეტაპზე “კვირასთვის” უცნობია, აღნიშნულ საკითხზე უწყებას, ამ ეტაპზე, კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები