“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
“ენმ-ის” ზუგდიდის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა. როგორც 66-ე უბნის კოორდინატორი, გოგა ზუხბაია აცხადებს, 66-ე და 64-ე უბნის კოორდინატორებს კობა ნაყოფია ხელფასებს დაჰპირდა, თუმცა ამდრომდე არ გადაუხდია. მისივე თქმით, როცა კოორდინატორები ოფისში თანხის ასაღებად მივიდნენ, ნაყოფია მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა და ხელფასები არ მისცა. დაპირისპირება “ენმ-ის” ოფისში 25 აპრილს მოხდა, რისი ამსახველი ვიდეოკადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
“იყო დაპირება, რომ სააღდგომოდ ხელფასებს მოგვცემდნენ. გვამუშავეს და როცა ფული მოვითხოვეთ, გვითხრეს – რა გააკეთეთ, რომ ფულს ითხოვთო? ავდექით, წამოვედით. მანამდე ოფისში მივედით და კობა ნაყოფიამ “ოცნების” მიერ მოსყიდული პროვოკატორები გვიწოდა, არადა, 2006 წლიდან “ნაციონალურ მოძრაობაში” ვარ. რაც მე ომი გადამიტანია, როგორ შეიძლება, ასე მოექცე ადამიანს?! სააღდგომოდ მშივრები დაგვტოვეს”, – აცხადებს ზუხბაია.
რაც შეეხება 64-ე უბნის კოორდინატორს, ედემ თოდუა – მისი თქმით, მას და მისი უბნის სხვა წევრებს კობა ნაყოფია ხელფასს დაჰპირდა, თუმცა მათაც არ მისცა.
“გვამუშავეს. 24-ში, როცა ხელფასის ასაღებად მივედით, კარი მოგვიხურეს და ფული არ მოგვცეს. დაგვტოვეს სააღდგომოდ მშივრები”, – აცხადებს თოდუა.
როგორც “ენმ-ის” ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარე, ანი წითლიძე აცხადებს, ადამიანები, რომლებიც ნაყოფიას სიცრუეში ადანაშაულებენ, “ენმ-ის” წევრები არასდროს ყოფილან.