ზამურ ჭითანავა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განახლებულ შემადგენლობას შეხვდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად მერის სათათბირო ორგანოს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, განახლებულ შემადგენლობას შეხვდა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
შეხვედრის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერი საბჭოს წევრებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი როლისა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. ასევე, საბჭოს წევრებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
მერის განცხადებით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ადგილობრივ თვითმმართველობასა და საზოგადოებას შორის მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია.
„ჩემი, როგორც მერის, მთავარი ამოცანაა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მართვა იყოს გამჭვირვალე და თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, ამ პროცესში თქვენი როლი ფასდაუდებელია. ეს საბჭო ჩემთვის არ არის ფორმალური ორგანო. თქვენ ხართ ის ხიდი, რომელიც მერიასა და საზოგადოებას აკავშირებს,“- აღნიშნა ზამურ ჭითანავამ.
დღევანდელ შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით საბჭოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი აირჩიეს.