„სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეფასებებისგან თავს შევიკავებ, თუმცა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტია”, – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გიორგი უძილაურის დაკავების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელობას რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე და აღნიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოები პრევენციულ რეჟიმში აქტიურად მუშაობენ.
„ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება და სასამართლოს არ დაუდგენია ამ პირის ბრალეულობა, კონკრეტული საქმის დეტალებზე შეფასებებისგან თავს შევიკავებ. თუმცა, ზოგადად ვიტყვი, რომ დღევანდელ რთულ ვითარებაში, როდესაც მეზობელ რეგიონებში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, გააქტიურებულია ინტერესი საქართველოსა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მოწოდების სიმაღლეზე არიან, აქტიურად მუშაობენ და ახორციელებენ პრევენციულ ღონისძიებებს. ვვარაუდობ, რომ ამ შემთხვევაშიც მათი მოქმედებები იყო ეფექტური, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა პაატა სალიამ.
იუსტიციის მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ როლზე რეგიონში და ქვეყნის უსაფრთხოების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე:
„საქართველო ბევრი რეგიონისთვის შეიძლება იყოს საინტერესო, რადგან მას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილი უჭირავს. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამართალდამცველები მოწოდების სიმაღლეზე არიან, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული”, – განაცხადა პაატა სალიამ.