მარიამ ქვრივიშვილი აშხაბადში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა, – ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

„ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის ურთიერთობებში საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვან როლს, ასევე რეგიონულ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოსა და თურქმენეთის აქტიური მონაწილეობით ხორციელდება.

აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველოს სატრანზიტო დერეფნის პოტენციალს. თურქმენეთის მხარემ ინტერესი გამოხატა საქართველოს პორტებთან სასაწყობე და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით. გამოითქვა მზაობა საზღვაო სფეროს ციფრული ტრანსფორმაციისა და საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის (NMSW) დანერგვის კუთხით თანამშრომლობაზე.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია, ჩამოყალიბდეს რეგიონულ ციფრულ ჰაბად, რომელიც ევროპასა და აზიას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და განვითარებული ინფრასტრუქტურის მეშვეობით დააკავშირებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგია, თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები