ქობულეთში დონორთა კონფერენცია გაიმართა

USAID-ის „წყალშემკრები აუზების მართვის” პროგრამის ფარგლებში ქობულეთში დონორთა კონფერენცია მოეწყო. კონფერენცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო შარაშიძემ გახსნა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვის ის გეგმები წარმოადგინეს, რომლებიც სპეციალურად მდინარე რიონის აუზის საპილოტე ტერიტორიებისთვის მომზადდა. პროექტის ფარგლებში სოფელ ჭალადიდში 7 კილომეტრზე მეტი სიგრძის სადრენაჟე არხი აღადგინეს, რომლის შედეგადაც 135 ოჯახს საკარმიდამო ნაკვეთები, სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები აღარ ეტბორება. ასევე ფოცხოს თემისთვის ნაპირსამაგრი გაბიონიც აშენდა, რომელიც 50-მდე ოჯახს წყალმოვარდნებით გამოწვეული რისკებისგან იცავს. პროგრამის მიზანი დონორთა და პოტენციური დამფინანსებლების მოზიდვა და ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვის გეგმების განხორციელებაში ჩართვაა. კონფერენციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები