ქალთა და არასრულწლოვანთა საკითხების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ძირითად მიზანს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2015-2017 წლების საერთო სამოქმედო გეგმაში ქალთა და არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკითხების სათანადო ასახვა წარმოადგენდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამინისტროს ერთიან სამომავლო სტრატეგიაზე პასუხისმგებელი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის წევრები, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ წარმომადგენლები. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი მაია ხასია, სასჯელაღსრულების N5 (ქალთა) დაწესებულების დირექტორი და სასჯელაღსრულების N11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულების დირექტორის მოადგილე.
განხილვას თავმჯდომარეობდა სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე ქრისტესაშვილი. სამუშაო შეხვედრაზე წარმოადგინეს სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადების მეთოდოლოგია, გენდერულ საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შედგენის თავისებურებები, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მიერ მსჯავრდებულ და პრობაციონერ ქალთა გამოკითხვის შედეგად შემუშავებული კვლევის რეკომენდაციები.
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან და ქალებთან დაკავშირებული საკითხების ძირეულად განხილვის შემდეგ, ორდღიანი მუშაობის შედეგად შემუშავდა 2015-2017 წლების სამუშაო გეგმის არასრულწლოვანთა და ქალთა ქვეთავების პროექტები, რომელთა შემდგომი დახვეწა ყველა შესაბამისი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით უახლოეს მომავალში მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები