ლევან ნიკოლეიშვილი დავით გარეჯზე: თავი შევიკავოთ ემოციური ქმედებებისა და განცხადებებისგან

0

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით გარეჯში თითქოს ქედის თავზე არსებულ ბილიკზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჩაკეტეს მისასვლელი გზა. ზოგადი ვითარება კი შემდეგია – სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს 1995 წლიდან. საზღვრის პერიმეტრიდან მხარეთა სახელმწიფო სადელიმიტაციო კომისიების დონეზე შეთანხმებულია მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 2/3), მიმდინარეობს მოლაპარაკებები დარჩენილი სეგმენტების შეთანხმების მიზნით, რის გათვალისწინებით ამ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვარი იურიდიულად არ არის გაფორმებული.

როგოც ჩემთვის ცნობილია, ამჟამად ხორციელდება შესაბამისი ერთობლივი კომისიის შემადგენლობის განახლების პროცესი ორივე ქვეყანაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო. ეს პროცესი პარალელურად უნდა დასრულდეს ორივე ქვეყანაში, რათა დაცულ იქნეს კომისიის ძირითადი შემადგენლობის ანალოგია/იდენტურობა. რელიგიური დღესასწაულების კვირეულში მსგავს შემთხვევებს ადგილი არა ერთხელ ჰქონია. ამ სიტუაციაში კი, მიზანშეწონილია, თავი შევიკავოთ ემოციური ქმედებებისა და განცხადებებისგან და დაველოდოთ სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანიანის განცხადებით, ქართულ მხარეს ჰქონდა ინტენსიური კომუნიკაცია აზრებაიჯანელ პარტნიორებთან და ამ დროისთვის საკითხი მოგვარებულია.

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, აზერბაიჯანული მხარე გაითვალისწინებს ქართული მხარის პოზიციას და მოხსნის გადაადგილების შეზღუდვას.

კომენტარები

კომენტარი