დავით სერგეენკომ მახინჯაურის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ მახინჯაურში მდებარე შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულეს, რომლის სრული რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დასრულდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები რეაბილიტაციისათვის საჭირო სრულ მომსახურებას ღებულობენ. აქ შშმ პირებისათვის შექმნილია ადაპტირებული გარემო. სარეაბილიტაციო ცენტრში 6–დან 25 წლამდე 45 შშმ პირს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და ბათუმის მერიის სპეციალური პროგრამების ფარგლებში რეაბილიტაციის სრული კურსი უტარდებათ.
მოზარდები ადგილზე ღებულობენ ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ლოგოპედის და ორთოპედის დახმარებას. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა პროგრამა, რომელიც სარეაბილიტაციო ცენტრში მაღალმთიანი აჭარიდან შშმ ბავშვების წელიწადში 2 -ჯერ 25 დღიანი კურსის გავლას ითვალისწინებს, აღნიშნული პროგრამა 2014 წლის ზაფხულში ამოქმედდება. სარეაბილიტაციო ცენტრში ასევე ფუნქციონირებს მარტოხელა დედების თავშესაფარი. თავშესაფარში ამჟამად 6 მარტოხელა დედა 8 შვილთან ერთად ცხოვრობს, ისინი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებლით, კვებითა და ტანსაცმლით. შენობის სრული რეკონსტრუქცია განახორციელა „თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ”. რეაბილიტაციის ფარგლებში სამუშაოები შენობის ოთხივე სართულზე ჩატარდა, შეიცვალა კარ-ფანჯრები, ელექტროგაყვანილობა, წყლის, კანალიზაციის და გათბობის სისტემა, კეთილმოეწყო ეზო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები