არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობამ“ ივანიშვილის პრეზუმფცია შეიმუშავა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიმუშავა ივანიშვილის პრეზუმფცია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პანკისში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
„ისინი ცდილობენ, საზოგადოებას უთხრან, რომ პროექტი, მაგალითად, „აქსის თაუერსი“ ვაკეში, რომელიც მათ დროს დაპროექტდა, ფურცელზე იყო, და რომელსაც ისინი აპიარებდნენ, რომ ძალიან კარგი პროექტი იყო და მაშინ ვერ გააკეთეს, დღეს, როდესაც უკვე განხორციელდა. იგივე ხალხი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდს უკავშირდება, ამბობს, რომ ეს არის ცუდი პროექტი. შეიძლება ითქვას, იგივე ხდება პანკისის მცირე ჰესთან დაკავშირებითაც, რომელიც, პრაქტიკულად, მწვანე ჰესია. ეს არის მცირე ჰესი, რომელიც ეკოსისტემას დიდად არ ცვლის იქ, მნიშვნელოვან ზიანს გარემოს არ აყენებს და ეს ჰესი სჭირდება ენერგეტიკას, სჭირდება პანკისის ხეობასაც, მათ შორის. ქვეყანა, რომელიც ვითარდება, მეტ ენერგეტიკასა და ენერგოგენერაციას საჭიროებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „იმედის“ ეთერში.
არჩილ თალაკვაძემ ფარისევლობა უწოდა რიგი ოპოზიციური პარტიების განცხადებას, რომ, ერთი მხრივ, ჰესი არ უნდა აშენდეს, მეორე მხრივ კი გაცხადებულ პოზიციას, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს დივერსიფიცირებული წყაროები და რუსეთზე ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული.
მისი თქმით, პანკისის მცირე ჰესი, რომელიც, პრაქტიკულად, მწვანე ჰესია, სჭირდება ენერგეტიკას, მათ შორის პანკისს.
„ეს არის პროექტი, რომელიც დამუშავებულია მაღალი სტანდარტებით. ამ პროექტით ადგილზე მინიმუმ ასი ადამიანი დასაქმდება, ეს ერთი ბენეფიტია. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ომალო-დუმასტურის წყლის სისტემა, რომელიც თავიდან უნდა აეშენებინა და გაეკეთებინა ინვესტორს. ეს იყო ერთ-ერთი ბენეფიტი, რაც შეთავაზებული გვქონდა და ექნება მომავალშიც ადგილობრივ საზოგადოებას. ასევე, სპეცფონდის შექმნა, რომელიც ამ პროექტს უკავშირდება, შეიქმნება სპეცფონდი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გადაუხდის მთელი წლის ელექტროენერგიის ღირებულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მეოთხე – რაც ასევე მნიშვნელოვანია – პანკისის ხეობის ფონდი, რომელიც ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეიქმნება და მჯერა, რომ ადგილობრივების მხარდაჭერით განხორციელდება. ფონდში ყოველწლიურად 120 ათასი ლარის მობილიზება მოხდება ამ კონკრეტული ჰესის პროექტისა და მისი მფლობელის კომპანიის მიერ. ხვალაც, ზეგაც ეს კომპანია, მათ შორის, ჩვენც ვიქნებით ამაში ჩართული“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.