ირაკლი კობახიძე: საერთო ინტერესია უზენაესი სასამართლოსთვის მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევა

0

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნას ეხებოდა. მისი თქმით, საერთო ინტერესია უზენაესი სასამართლოსთვის მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევა.
​ხოლო შესაძლებელია თუ არა აღნიშნული კანონპროექტი მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს, თავმჯდომარე ამბობს, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.
„ნებისმიერს შეუძლია, გადაამოწმოს ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების კანონმდებლობა, პრაქტიკა და გამოცდილება. არსად ამის მეათედიც კი არ არის გაწერილი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონპროექტი იძლევა მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევის არა მარტო საშუალებას, არამედ – გარანტიასაც. ამის მაგალითი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს პარლამენტი, როცა დაამტკიცებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. აქედან გამომდინარე, პროცესის შეჩერების არავითარი საფუძველი არსებობს, პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მოტივაცია, რომ, საბოლოოდ, მივიღოთ ეს კანონი, რათა პროცესი სწრაფად დაიწყოს.
თუ ერთი ოპონენტი მაინც მოიტანს ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მაგალითს, სადაც ამის მეათედი მაინც არის გაწერილი, მაშინ შეიძლება, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დავაბრუნოთ. ვერცერთ მაგალითს მოიყვანთ, სადაც ამის მეათედიც კია გაწერილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
​ცნობისათვის, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას. თუმცა, მისივე თქმით, ისინი ცოტა გულდაწყვეტილები არიან, რადგან მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონში რეკომენდაციების გათვალისწინება ადეკვატურად და სრულად არ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი