ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თენგიზ ჯგუშიამ, რამდენიმე მძღოლთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის შენობასთან ე.წ ჭკვიანი ვიდეოკამერების დამონტაჟება გააპროტესტა. მისი თქმით, სოფელ ჭითაწყარიდან ხობამდე სიჩქარის მზომი სექციური კამერები არ არის საჭირო და ის მხოლოდ ბიუჯეტის შევსებას ემსახურება. ჯგუშია, ასევე ამბობს, რომ ამგვარი შეზღუდვებით სამეგრელოს მოსახლეობის დამორჩილებას ცდილობენ. ამის შესახებ რადიო “ათინათის” ვებგვერდზე განთავსებული მასალიდან გახდა ცნობილი.
კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობს დამოუკიდებელი კანდიდატი ზუგდიდის ქუჩებში ქაოსის შექმნასა და ზეგავლენის მოხდენას გამვლელ მძღოლებზე, რომლებიც არ მონაწილეობენ აქციაში.
ამასთან, ამავე დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც თენგიზ ჯგუშია მანქანის მართვის დროს მოსახლეობას მიმართავს. ერთი შეხედვით, ვიდეოში არაფერია უცნაური, თუმცა დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარება, რომ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ღვედის გარეშე მართავს ავტომობილს.
აღნიშნული საკითხის შესაფასებლად “კვირა” „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარეს, ეკა ლალიაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ე.წ. ჭკვიანი კამერები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია და საკმაოდ წარმატებით იყენებენ განვითარებული ქვეყნები.
ლალიაშვილის განმარტებით, აუცილებელია, აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობის ინფორმირება ბავშვობის ასაკიდან მოხდეს, რადგან, ამ შემთხვევაში, ზრდასრულ ასაკში მსგავსი კითხვები ე.წ. ჭკვიანი კამერების აუცილებლობაზე აღარ გაჩნდება.
“ე.წ. ჭკვიანი კამერების დამონტაჟება და თანამედროვე ტექნოლოგიებით საგზაო დარღვევების მონიტორინგი არის ის მეთოდი, რომელსაც მთელი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები იყენებენ. ეს არ არის შემთხვევით, არის იმისთვის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირდეს ქვეყანაში. რეალურად, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ადამიანის ქცევის შესაცვლელად. ერთხელ როდესაც მიიღებს ჯარიმას, მეორედ ეცდება, რომ იგივე დარღვევა არ ჩაიდინოს. ჩვენ თითქმის ყოველდღე გვესმის საგზაო შემთხვევების შესახებ, იღუპებიან ახალგაზრდები. რამდენიმე დღის წინ დაიღუპა ჩვენი კოლეგის, მევლუდ მელაძის 15 წლის შვილი. ეს და სხვა მსგავსი შემთხვევები ტრაგედიაა ქვეყნისთვის. უფროსები უნდა ვიყოთ ორმაგად უფრო ფრთხილად, იმიტომ რომ ჩვენს შვილებს ვასწავლოთ იმ საშიშროებების შესახებ, რაც შეიძლება საგზაო შემთხვევებმა და ავტომობილის არასწორად გამოყენებამ მოიტანოს. ამ თემაზე ინფორმირება უნდა ხდებოდეს ბავშობიდან, ბაღის ასაკიდან, რადგან ჩვენს ასაკში უკვე საზოგადოებამ ძალიან შეგნებულად და ძალიან სწორად მიიღოს, თუ რატომ არის ე.წ. ჭკვიანი კამერები დღეს დამონტაჟებული. ჩვენ ეს ცოდნა და ინფორმაცია ბავშობიდან რომ გვექნება, ზრდასრულ ასაკში მსგავსი კითხვები აღარ გაჩნდება. ეს არის ძალიან მარტივი, ძალიან ადაპტირებული მიდგომა, რომელმაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაამართლა და საგრძნობლად შეამცირა საგზაო შემთხვევები.
აქვე დავძენ, რომ აღნიშნული კომპლექსური პრობლემაა და კამერა არის ერთ-ერთი კომპონენტი, რაც საგზაო პრობლემების აღმოფხვრის მიმართულებით უნდა გაკეთდეს”, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
აღსანიშნია, რომ, შინაგან საქმეთა სამინსიტროს სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს 6452 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან სამეგრელო-ზემო სვანეთში – 298. ამავე სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ავტოკატასტროფაში სულ დაიღუპა 459 ადამიანი, 9047 კი – დაშავდა. ამასთან, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში მომხდარი ავარიების შედეგად, 38 ადამიანი დაიღუპა, 432 კი – დაშავდა.
გამოყენებულია რადიო “ათინათის” ვიდეომასალა.