მამუკა სალუქვაძე: გადავწყვიტე, აღვადგინო წლების წინ დაარსებული ორგანიზაცია – „სამოქალაქო სოლიდარობის ასოციაცია“

0

“ჩემს მეგობრებთან ერთად, გადავწყვიტე, აღვადგინო წლების წინ დაარსებული ორგანიზაცია – „სამოქალაქო სოლიდარობის ასოციაცია“, რომელმაც, შეძლებისდაგვარად, მოახერხა და რამდენიმე გაჭირვებულ ოჯახს ოდნავ მაინც შეუმსუბუქა სოციალური მდგომარეობა”, -ამის შესახებ “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორი – მამუკა სალუქვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
მამუკა სალუქვაძე იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საქმეში არაერთი ადამიანი ჩაერთვება.
“ვისაც უნდა, იჯდეს კომპიუტერთან და წუწუნი, ოხვრა, ლანძღვა, წყევლა გააგრძელოს, ვისაც უნდა, თითი მთავრობისკენ გაიშვიროს, ვისაც უნდა – ოპოზიციისკენ. ვისაც უნდა, ბრალდება ერთ ტელევიზიას წაუყენოს, ვისაც უნდა – მეორეს. ვისაც უნდა, ფული ნოტრ-დამის აღდგენაში დახარჯოს, ვისაც უნდა – მეშვიდე, მერვე, მეცხრე ბინის საყიდლად. ვისაც უნდა, დანამატები და ხელფასები გაიზარდოს, ვისაც უნდა – მაღალი პოსტებიდან გაშვებულები მრჩევლებად გააფორმოს და ხელფასი, მანქანა შეუნარჩუნოს. ვისაც უნდა, გაჭირვებულების კარვებთან „ნიანგის ცრემლები“ ღვაროს და ვისაც უნდა, წინასაარჩევნოდ, უამრავი აუსრულებელი დაპირება გასცეს… არავის განკითხვის უფლება არ მაქვს, ყველას თავისი გზა აქვს.
ჩემს მეგობრებთან ერთად, გადავწყვიტე, აღვადგინო წლების წინ დაარსებული ორგანიზაცია – „სამოქალაქო სოლიდარობის ასოციაცია“, რომელმაც, შეძლებისდაგვარად, მოახერხა და რამდენიმე გაჭირვებულ ოჯახს ოდნავ მაინც შეუმსუბუქა სოციალური მდგომარეობა. ყოველ შემთხვევაში, იმის იმედი მაინც ჩაუსახა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათზე ფიქრობენ. მაშინ ჩვენ, რამდენიმე თანამოაზრე, საჯარო მოხელეები ვიყავით და ჩვენი ხელფასის რაღაც ნაწილის ხარჯზე, ვცდილობდით დავხმარებოდით უმწეო მდგომარეობაში მყოფ თანამოძმეებს. მჯერა, ახლა უფრო მეტნი ვიქნებით და უფრო მეტს შევძლებთ. მჯერა, რომ კვლავაც სუფთად და პატიოსნად შევძლებთ იმ ვალდებულების აღსრულებას, რაც თავად ვიტვირთეთ საკუთარ თავზე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა. მჯერა, რომ ამ საჭირო და უმნიშვნელოვანეს საქმეში ბევრი ჩვენნაირი ჩაერთვება და უამრავ გაჭირვებულ ადამიანს კვლავაც ჩავუსახავთ გადარჩენისა და ღირსეულად ცხოვრების იმედს. მჯერა, რომ ეს არის ის გზა, რომელიც ამ ეტაპზე, ყველაზე უფრო ქმედითი და ღირსეულია.
ბზობას გილოცავთ ყველას!”, – წერს მამუკა სალუქვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი