განათლების სამინისტრო: სიცრუეა, თითქოს, ბატიაშვილმა დადიანების სასახლეს წერილი მისწერა და პოლიტიკური აქტივობების გამართვა აუკრძალა

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმაურება მედიასაშუალებებით გავრცებულ ინფორმაციას, თითქოს, სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ სსიპ-ებს, მათ შორის – დადიანების სასახლეს, 7 აპრილს მინისტრის ავტორობით მიუვიდა წერილი მათ სივრცეში პოლიტიკური აქტივობების გამართვის აკრძალვაზე.
სამინისტრო ცალსახად აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან უწყებას მსგავსი მითითება მის დაქვემდებარებებაში მყოფი არცერთი ორგანიზაციისთვის მიუცია.
„გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საზოგადების შეცდომაში შეყვანასა და სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. მით უმეტეს, რომ აღნიშნულ თემაზე, სამინისტროს პრესსამსახურმა ამომწურავი და უტყუარი ინფორმაცია მოაწოდა ყველა დაინტერესებულ მედიასაშუალებას.
სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ 2019 წლის 3 აპრილს – ისე, როგორც საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნების წინ – სტურუქტურაში დასაქმებულ ყველა საჯარო მოხელეს, დაქვემდებარებულ სსიპ-ებსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს გაეგზავნათ საინფორმაციო ხასიათის წერილი იმის თაობაზე, რომ 19 მაისს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება არჩევნები და საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას იმოქმედონ კანონის ფარგლებში.
კერძოდ, წერილში, რომელსაც ხელს აწერს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საუბარია საქართველოს საარჩევნო კოდექსზე, რომლის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან, არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის, ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტები/პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე შესაბამისი ბიუჯეტის სათანადო პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ან/და ამ ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით, აგრეთვე დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით. ასევე, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს ეკრძალებათ პოლიტიკური პროპაგანდა/საარჩევნო აგიტაცია. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ იმ საარჩევნო ოლქზე, სადაც ტარდება შუალედური არჩევნები“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები