გარდაბანში ვითარება დაიძაბა – აზერბაიჯანელი მოქალაქეები ქართველებს ადანაშაულებენ
გარდაბანის ცენტრში ვითარება დაიძაბა. ადგილობრივი აზერბაიჯანელი მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ გარდაბანში წუხელ მომხდარი დაპირისპირება პოლიტიკას არ უკავშირდება. მათი მტკიცებით, დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა, მას შემდეგ, რაც ქართველებმა აზერბაიჯანელებს დასცინეს. საპროტესტო აქციაზე ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი იმყოფებოდა, რომელიც ვითარების განმუხტვას შეეცადა, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მისი მოსმენა არ ისურვეს.
წუხელ, გარდაბანში რამდენიმე ათეული ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წევრებსა და აქტივისტებს შორის მოხდა. როგორც “კვირას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“ გარდაბანში გუშინ მომხდარ ინციდენტს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. “ქართულ ოცნებაში“გარდაბანში მომხდარ დაპირისპირებას “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილ პროვოკაციად აფასებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული პარტია პოზიტიური საარჩევნო გარემოს გამწვავებასა და სხვადასხვა მიზეზებით მოსახლეობაში შუღლის გაღვივებას ცდილობს.