თბილისში 14 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ მერაბ მენაბდემ, დევნილთა დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ და მისმა მოადგილემ როსტომ კობახიძემ, ახალი ბინების გასაღებები თბილისში, გლდანში 14 დევნილ ოჯახს გადასცა.
გლდანის მესამე მ/რ – ში მდებარე ყოფილი პოლიციის შენობას დევნილთა სამინისტრომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარა და საცხოვრებლად გადააკეთა. სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ შპს „სენ“-მა განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ კი, 219 996 ლარი შეადგინა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროსის მურად აბლოთიას განცხადებით, 14 ოჯახი დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩა.
„დღეს, გლდანში მესამე მიკრორაიონში, 14 დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ბინები. ჯამში შემოსული იყო 1700 განაცხადი და აღნიშნული 14 ოჯახი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა. მათ შორის სამი ოჯახი არის ისეთი, რომელსაც სასამართლოს ძალით გამოსახლება და ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებოდა. დღეს მათ ახალი ბინები გადაეცათ“, – განაცხადა მურად აბლოთიამ.
ფიფიების ოთხსულიანი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მიღებას წლების განმავლობაში უშედეგოდ ელოდა.
„ჩვენ ვართ აფხაზეთიდან დევნილები, მრავალჯერ მივმართეთ დევნილთა სამინისტროს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, მაგრამ არანაირი ზომები არ იქნა მიღებული. ამ ყველაფრის გამო 2010 წელს, დევნილთა სამინისტროს ეზოში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა და ჩემმა დამ თავი დაიწვა. დღეს, მრავალწლიანი ლოდინის შემდგომ, შესაბამისი პროცედურების გავლისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილებით მივიღეთ ბინა“, – განაცხადა ლადო ფიფიამ.
შესახლებამდე ერთი დღით ადრე, დევნილთა სამინისტროში, ბინები ფარული კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის მიხედვით გამოვლინდა, თუ ვინ რომელ სართულზე მიიღებს საცხოვრებელ ფართს. 2- სართულიან შენობაში სულ 14 ბინაა, აქედან 3 – ერთოთახიანი, 6 – ოროთახიანი, 5 – სამოთახიანი. აღნიშნულ შენობაში ყოლბაიების სამსულიან ოჯახს 2 – ოთახიანი, ხოლო ჯანაშიების და როდონაიების 5 – სულიან ოჯახებს 3 – ოთახიანი ბინები გადაეცათ. ეს ის ოჯახებია, რომლებსაც ყოფილი საცხოვრებლიდან, სასამართლოს წესით, გამოსახლება ემუქრებოდათ. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 10 – მდე დევნილი იყო დასაქმებული.