“კვიპროსს აქვს დიდი გამოცდილება ციტრუსების, ზეთისხილის მოყვანაში, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი სექტორებია”

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საქართველო-კვიპროსის მჭიდრო და ეკონომიკურ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, დღეს ხელი მოეწერა საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობას. მისივე თქმით, აღნიშნული მემორანდუმი ამ სფეროში უფრო ღრმა თანამშრომლობის საფუძველი გახდება.
„ტურიზმის სფეროში ძალიან ბევრი გამოცდილება შეგვიძლია, გავცვალოთ კვიპროსის რესპუბლიკასთან. ეს ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ სხვა სექტორებსაც.
​კვიპროსს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ციტრუსების, ასევე, ზეთისხილის მოყვანაში, რაც ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი სექტორებია. დღეს გაფორმებული მემორანდუმი ამ სფეროში უფრო ღრმა თანამშრომლობის საფუძველი გახდება.
კვიპროსს ჰყავს გემების მენეჯმენტის ძალიან მსხვილი კომპანიები. ეს არის „კოლუმბია შიფმენთი“, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა და ძალიან აქტიურია საქართველოში, არის ჩვენი მეზღვაურების ერთ-ერთი ძირითადი დამსაქმებელი. აქტიურად თანამშრომლობს საზღვაო სასწავლებელთან, გვეხმარება მეზღვაურთა გადამზადების კურსების მოდერნიზაციაში და ასაქმებს მეზღვაურებს.
აქაც ჩვენ ველოდებით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტ გაღრმავებასა და მეტ შედეგიანობას საზღვაო საქმეში. გვაქვს აქტიური მოლაპარაკება და დისკუსია „კოლუმბია შიფმენთსა“ და კვიპროსთან, როგორ გავაღრმავოთ თანამშრომლობა საზღვაო საქმეში. შესაძლოა, კვიპროსი არ არის ევროკავშირის ყველაზე უმსხვილესი ეკონომიკა, მაგრამ, რიგი ფაქტორების გამო, ჩვენთვის შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები