შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა ხიჭაურში ახალი ამბულატორია გაიხსნა
აჭარის რეგიონში კიდევ ერთი ამბულატორია გაიხსნა. 82 ახალი ამბულატორიის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაბა ხიჭაურში ახალი ამბულატორია გაიხსნა. პირველადი ჯანდაცვის ცენტრის გახსნას საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი თემურ ქარცივაძე და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ზოიძე ესწრებოდნენ.
ახალგახსნილი ამბულატორია ადგილობრივ მოსახლეობას პირველად სამედიცინო მომსახურებას დღეიდან გაუწევს. იგი აღჭურვილია პირველადი ჯანდაცვის ცენტრისთვის საჭირო ყველა სამედიცინო ინვენტარით. საერთო ჯამში, რეგიონში 5 ამბულატორია აშენდება. ამბულატორია შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე განთავსდა. გამგეობამ ასევე უზრუნველყო ამბულატორიის დასამონტაჟებლად ფუნდამენტი, გამრიცხველიანება და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო 8657 ათასი ლარი. ქვეყნის მასშტაბით უკვე 20 ამბულატორიაა აშენებული. ამბულატორიების დამონტაჟება გრძელდება და მშენებლობის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. შენობა მომზადებულია სენდვიჩპანელებისგან. შენობის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. პროექტს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.