„შეინარჩუნეთ სიმშვიდე თქვენს გულებში, თქვენს სულებში, ეს ყველაზე მეტად აკლია კაცობრიობას“
ამაღლების დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რა აკლია კაცობრიობას, რა გვაკლია ჩვენ – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა.
უწმინდესმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და სიმშვიდისა და სიხარულის შესახებ იქადაგა.
“როცა ვამბობთ – “ჩვენთან არს ღმერთი”, ამით სწორედ ამას ვაღიარებთ. მადლობა უფალს, რომ ჩვენთან არის ღმერთი და მეორე, რაც აკლია კაცობრიობას, ეს არის სიმშვიდე, გეძლევათ ყველას ლოცვა-კურთხევა, შეინარჩუნოთ სიმშვიდე თქვენს გულებში, თქვენს სულებში, ეს ყველაზე მეტად აკლია კაცობრიობას. შევთხოვ უფალს, მოგვცეს სიმშვიდე. სიმშვიდე თუ იქნება, უფალი ჩვენთან იქნება. ამიტომ, მიმართავდა მოციქულებს უფალი ყოველი შეხვედრისას “მშვიდობა თქვენთანა”.
როდესაც ადამიანში ღვთის მშვიდობაა, მასში სიყვარული და სიხარულია. სიხარული მოდის იმ ადამიანის გულში, რომელსაც უყვარს სხვა ადამიანი, სწამს და უყვარს უფალი. ამიტომ, ეცადეთ, სიმშვიდე იყოს თქვენს სახლებში. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ხმამაღალი სიტყვით არ ისაუბროთ თქვენს სახლებში”, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.