კვლევის შედეგები: სკოლის მოსწავლეების 48 %-ს აზარტულ თამაშებთან აქვს შეხება
ჩატარებული კვლევის თანახმად, სკოლის მოსწავლეების 48 %-ს შეხება აქვს აზარტულ თამაშებთან – ამის შესახებ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელმა, გუგა ბესელიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გუგა ბესელიამ მედიას ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა.
„ჩატარებული კვლევის შედეგები საკმაოდ მძიმეა: მოზარდების, სკოლის მოსწავლეების 48 %-ს აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს 18 წლამდე მოზარდებისთვის აზარტულ თამაშებთან შეხებას.
დეტალურად გაგაცნობთ შედეგებს: გამოკითხვაში მონაწილეობა 500-მა მოზარდმა მიიღო, საიდანაც 55 % იყო ბიჭი, ხოლო 45 % გოგო. გამოკითხულები იყვნენ 14 -დან 18 წლამდე მოზარდები. ტენდენცია ისეთია, რომ ასაკის მატებასან ერთად იზრდება თამაშებზე დამოკიდებულება.
რაც შეეხება სარეკლამო არხს, თუ საიდან იღებენ ისინი ონლაინსამორინეების შესახებ ინფორმაციას – ამ მიმართულებით ლიდერობს ინტერნეტრეკლამა 75 %-ით. რთულად არის წარმოდგენილი ბილბორდების თემაც იმიტომ, რომ არსებობს მრავალი სკოლა, რომლის ტერიტორიაზე, ან მიმდებარე ტერიტორიაზე არის ონლაინსამორინეების რეკლამა, რაც ძალიან ცუდია“, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, არ ხდება კანონის აღსრულება, რადგანაც, კანონის მიხედვით, 18 წლამდე პირებს ეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, თუმცა, მოზარდები კანონისთვის გვერდის ავლას ახერხებენ და აზარტულ თამაშებში მონაწილეობენ.
„ჩვენ ჩავეძიეთ ამ თემას, ხდება კანონის არაღსრულება. რეგისტრაცია ძალიან მარტივად ხდება. თავად ინტერნეტსამორინეებს აქვთ ძალიან სუსტი კონტროლის მექანიზმი.
საქართველოში ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია ინტერნეტსამორინეში დარეგისტრირება და შემდგომში თამაში. ერთადერთი ბარიერი, რომელიც მარტივად გადასალახია, ეს არის ის, რომ საიტი გვეკითხება, ვართ თუ არა სრულწლოვანი.
ცდაც ჩავატარეთ. ჩემი 5 წლის შვილი დაბადების მოწმობით ჩვეულებრივად დავარეგისტირეთ ერთ-ერთ ონლაინსამორინეში და მას აქვს შესაძლებლობა, ითამაშოს ონლაინ, რაც არის ყოველგვარ ზღვარგადასული.
კვლევის შედეგები საჯაროდ გავრცელდება. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც გულისხმობს ორ თემას: ერთია აგრესიული მარკეტინგული კამპანია, რომელსაც აწარმოებენ ონლაინსამორინეები და აუცილებელია, ამის რეგულაცია მოხდეს და მეორე – ჩვენი აზრით, სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს ყველა ონლაინსამორინეს, რომ საჯარო რეესტრთან წვდომა ჰქონდეს. ონლაინსამორინემ დღეს არ იცის, ვინ არის დამრეგისტრირებელი პირი, შესაბამისად, აუცილებელია საჯარო რეესტრთან წვდომა. როცა მოზარდი თავის პირად ნომერს ჩაწერს, საჯარო რეესტრმა უნდა განსაზღვროს, ეს ადამიანი სრულწლოვანია, თუ არა“, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე ინფორმაციით, ორგანიზაციამ თბილისის სკოლებში მერიის მხარდაჭერით ლექცია-სემინარები ჩაატარა, სადაც განხილული იყო ის მძიმე შედეგები, რაც აზარტულ თამაშებს მოაქვს.
თამუნა შეყილაძე