ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ოზურგეთში ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა
ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაარსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა.
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ანსამბლი „რუსთავი“ მაყურებლის წინაშე სიმღერისა და ცეკვის ტრადიციული პროგრამით წარდგა.
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მადლობა გადაუხადა ანსამბლის ახალ ხელმძღვანელებს – მიხეილ ჯავახიშვილსა და ია მაქაცარიას, მუსიკოსებს, მომღერლებსა და მოცეკვავეებს, ანსამბლის ძველ წევრებს, ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელ გიორგი დონაძეს და აღნიშნა, რომ ანსამბლი „რუსთავი“ ღირსეულად აგრძელებს ტრადიციას და ანზორ ერქომაიშვილის დაწყებულ საქმეს თაობიდან თაობას გადასცემს.
ანზორ ერქომაიშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონცერტს ესწრებოდნენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძე, მიწვეული სტუმრები.