ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს

ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს ნაბიჯი გადაიდგა ბოლო ორი კვირის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ახალ ზელანდიასა და იაპონიაში მის კოლეგებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

ალბანეზეს თქმით, ავსტრალიამ პალესტინის ხელისუფლებისგან მიიღო ვალდებულებები, მათ შორის დემილიტარიზაციის, საყოველთაო არჩევნების ჩატარების და ისრაელის არსებობის უფლების აღიარების გაგრძელების შესახებ.

„ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა კაცობრიობის საუკეთესო იმედია, რათა დაარღვიოს ძალადობის ციკლი ახლო აღმოსავლეთში და დასრულდეს კონფლიქტი, ტანჯვა და შიმშილი ღაზაში“, – განაცხადა მან.

ისრაელმა, რომელიც ღაზაში ომის დასრულების მზარდი ზეწოლის ქვეშაა, განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ტერორიზმს ახალისებს“.

ცნობისთვის, “ჰამასის” მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შაბათიდან მოყოლებული, ღაზაში შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, რითაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 217-მდე გაიზარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები