“საარჩევნო პროცესზე ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით – ხელისუფლებამ”

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა, ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ წევრების დაკავებასა და ამ საკითხზე ოპოზიციური პარტიის შეფასებებთან დაკავშირებით საუბრისას, აღნიშნა, რომ ხელისუფლება არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად ყველაფერს გააკეთებს.
​მისივე თქმით, საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება.
„ნაციონალური მოძრაობის“ შეფასება გასაკვირი არ არის. დარწმუნებული ვარ, საარჩევნო ადმინისტრაცია და მთლიანად ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდად, წყნარ ვითარებაში, დემოკრატიულ გარემოში. ეს არის ჩვენი ამოცანა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიზანი.
​სწორედ ამ ფორმატში ხდებოდა შეთანხმებების მიღწევაც, გადაწყვეტილებების მიღებაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორი რამ: საკანონმდებლო სივრცე და ადამიანთა განწყობა. კარგად ვნახეთ, რა პროცესებიც მიმდინარეობდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როგორი იყო ძალადობრივი და, თუნდაც, ოპოზიციის მიერ გამოყენებული სიძულვილის ენა. ძალიან ბევრ შემთხვევაში, ისინი უკან არ იხევდნენ იმ ქმედებებისგან, რაც საარჩევნო პროცესისთვის არ უნდა იყოს დამახასიათებელი.
საარჩევნო პროცესზე ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ცხადია, ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, რომელსაც წარმატებით ართმევს თავს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში გუშინ „ნაცმოძრაობის“ სამი წევრი: პარტიის პრესსამსახურის უფროსი – გიორგი პატარაია, ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე – ანი წითლიძე, ასევე, პარტიის ერთ-ერთი წევრი – მანუჩარ ჩხეტია დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, უწყებამ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. მოგვიანებით, პოლიციამ პატარაია და წითლიძე გაათავისუფლა, ხოლო მანუჩარ ჩხეტია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები