მამუკა ბახტაძე ოსებსა და აფხაზებს: ერთადერთი მომავალი, რომელიც გვესახება-თქვენთან ერთად მოიაზრება

„დღეს ამ სცენიდან მინდა, ვუთხრა ჩვენს ოს და აფხაზ მოქალაქეებს – ყველა ჩვენი წარმატება თქვენი წარმატებაა! ერთადერთი მომავალი, რომელიც გვესახება – თქვენთან ერთად მოიაზრება – მშვიდობიან და კეთილდღეობით გაერთიანებულ საქართველოში“, – ასე მიმართა საქართველოს პრემიე-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აფხაზ და ოს მოქალაქეებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობას გიხდით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე აპელირებისა და პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის. ასევე, მინდა, მადლობა გითხრათ ამ საკითხზე მინისტრთა კომიტეტის წლიური გადაწყვეტილებისა და გენერალური მდივნის კონსოლიდებული ანგარიშებისთვის. დიდად ვაფასებთ მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინაციას, განსაკუთრებით – რწმენის განმტკიცებისა და კონფლიქტით დაშორიშორებულ თემებს შორის ხიდების აგების მიმართებით, ხალხთა შორის ურთიერთობის გაძლიერებისთვის იმის გაცხადებით, რომ ერთი ქვეყანა ვართ, ერთი სუვერენული და ევროპული ერი!“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, მომდევნო წლის გაზაფხულზე, თბილისი „მშვიდობის ფორუმს“ უმასპინძლებს.
„ჩვენი მიზანია, წვლილი შევიტანოთ მთელი რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობაში, ყველა ქვეყანას მივცეთ ჯერ აუთვისებელი შესაძლებლობების გამოყენების შესაძლებლობა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები