“30 წლის წინ, 10 აპრილს, რუსი ჯარისკაცები ტელევიზიის კაფეში მაწონსა და ხაჭაპურებს „მიირთმევდნენ“
„ტელევიზიის კაფეში რომ შევედი, ისინი დამხვდნენ. რიგში იდგნენ, ჩვეულებრივ, ავტომატებით. 2-2 ქილა მაწონი და “სლაიონი” ხაჭაპურები აიღეს“, – ასე იხსენებს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, თინიკო გოგუაძე 30 წლის წინანდელი ტრაგედიის მეორე დღეს, 10 აპრილს.
როგორც თინიკო გოგუაძე აღნიშნავს, 10 აპრილს ტელევიზიის შენობაში განთავსებულ კაფეში რუსი ჯარისკაცები, ჩვეულებრივ, ისე საუზმობდნენ, რომ წინა დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო სახეზე ემოციაც არ ჰქონდათ – თითქოს, მაშინ არაფერი მოხდა.
„მეორე დღეს, ტელევიზიის კაფეში რომ შევედი, ისინი დამხვდნენ. რიგში იდგნენ, ჩვეულებრივ, ავტომატებით. 2-2 ქილა მაწონი და “სლაიონი” ხაჭაპურები აიღეს. მერე დასხდნენ და ჭამდნენ, გავშეშდი. მოხარშული თევზის თვალებში ვეცადე, რაიმე ემოცია დამენახა, მაგრამ – არა. დიდხანს ვუყურებდი, სანამ თვალი მომარიდეს.
სხვებიც ჭამდნენ, ალბათ, ჩვეულებრივ, არა? მაგრამ ასეთი უსასოობა არასდროს მიგრძნია“, – წერს თინიკო გოგუაძე.