გივი მიქანაძემ პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის შეხვედრაზე რეგიონული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა
საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეის პარალელურად, დოჰაში პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) შეხვედრები იმართება, რომელში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე მონაწილეობს.
როგორც “კვირას” საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ასოციაციის შეხვედრაზე პარლამენტების ინსტიტუციური გაძლიერების, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხებზე იმსჯელეს.
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი კოლეგების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა და რეგიონული თანამშრომლობის უპირატესობების, ასევე, სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.
გივი მიქანაძემ რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ყურადღება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების კვლევითი ცენტრზე (EPPRN) გაამახვილა, რომელიც, მისი შეფასებით, თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია.
საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელმა ასოციაციის წევრებს ცენტრის მუშაობის სპეციფიკა და გამოცდილება გააცნო. გივი მიქანაძემ ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებაც და კოლეგებს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდა.