„კოდური დასახელება „ქვისლების საქმე“ – დიმიტრი ლორთქიფანიძე ძალოსანი ქალიშვილის უფლებებს სასამართლოში დაიცავს
ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ქალთა ნაკრების მწვრთნელს, თემურ ჯანჯღავას დისკრიმინაციაში, შევიწროებასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით თათია ლორთქიფანიძემ, მისმა მამამ – ყოფილმა დეპუტატმა, უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და პირადმა მწვრთნელმა, გელა მახარაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
როგორც თათია ლორთქიფანიძე აცხადებს, მისთვის 5 აპრილს გახდა ცნობილი, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ გამოდიოდა. მისი თქმით, ეს ფაქტი ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პირად ანგარიშსწორებას უკავშირდება.
როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნა, თათია ლორთქიფანიძე ჯანჯღავასთან ვარჯიშზე უარს ამბობდა იმის გამო, რომ ის არის არაკვალიფიციური და აყენებდა ტრავმებს. მისი ინფორმაციით, თემურ ჯანჯაღავა არ არის ძალოსანი, არ აქვს მწვრთნელის ლიცენზია და, შესაბამისად, უფლება არ აქვს, ავარჯიშოს სპორტსმენი. როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, არაკვალიფიციური წვრთნისა და ვარჯიშის შედეგად თათია ლორთქიფანიძემ ტრავმა მიიღო. გარდა ამისა, ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ჯანჯღავა სპორტსმენს ავიწროვებდა და შეურაცხყოფას აყენებდა.
„ჩემი ქალიშვილის, საერთაშორისო სპორტის ოსტატის, ევროპის 2018 წლის თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელის, ბელგიის ვიცეჩემპიონის უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი. აღდგენა სჭირდება იმ ღირსებას, რომელიც ქალი სპორტსმენის წინააღმდეგ გახორციელებულ ქმედებებს შესწირეს ფედერაციის მესვეურებმა. სპორტული ფედერაციები ერთგვარ მიკროიმპერიებად ჩამოყალიბდნენ. არ ხორციელდება ეფექტური ზედამხედველობა როგორც გენერალური ინსპექციის მხრიდან, აღმასრულებელი ხელისფულების მხრიდან, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ განათლებისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, პარლამენტის მხრიდანაც.
მე და გია ასანიძე (ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი) დაპირისპირებულ ბანაკებში ვიყავით. ჩვენ ვიყავით ერთმანეთის ოპონენტები ჯერ კიდევ პარლამენტში. ის იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და, ბუნებრივია, როცა ხელისუფლება შეიცვალა, 2012 წელს მან მოისურვა, რომ გაეგრძელებინა სპორტული კარიერა. პირველი დაპირისპირება გარკვეულ ჯგუფებთან მას მოუწია სწორედ 2012 წელს. მას შემდეგ, რაც შეინარჩუნა ეს პოზიცია მან მოინდომა, თავისი იმპერია განევითარებინა. მისი ქვისლი, ანუ ოჯახის წევრი, ბატონი თემურ ჯანჯღავა ინიშნება ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად.
თათია ლორთქიფანიძე მას შემდეგ, რაც ჩამოაშორეს ბათუმის ევროპის თამაშებს, ვეღარ იქნება მონაწილე “2020 ტოკიოს თამაშებისა“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
ლორთქიფანიძის თქმით, ის სასამართლოს მიმართავს.
„ამ საქმეს აუცილებლად მიეცემა კოდური დასახელება „ქვისლების საქმე“ იმიტომ, რომ ეს არის ნეპოტიზმის მაგალითი, რომელსაც გვაძლევს ასანიძისა და ჯანჯღავას ტანდემი. სამწუხაროდ, ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი კახიაშვილი ამის მაყურებელია.
ჩვენ ვგეგმავთ სამართლებრივი გზებით ჩვენი სტატუსის აღდგენასაც და იმ მორალური შეურაცხყოფის გამოსწორებას, რომელიც თათია ლორთქიფანიძემ მიიღო. ეს ამბავი სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზეც დავაფიქსირეთ. აქ არის შევიწროების თემაც. ეს საკითხები დაფიქსირებულია ახსნა -განმარტებებში ბატონ კახი კახიაშვილის წინაშე როგორც წერილობით, ისე – ზეპირად. იყო შეურაცხყოფის ფაქტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჯანჯღავას მხრიდან. იყო აგრესიის გამოვლინება, ფეხებთან დაფურთხება, სხვადასხვა ტიპის ისეთი შეთავაზება ქალის მიმართ, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა ნებისმიერი ქალბატონისთვის, რაც შურაცხმყოფელია და რეაგირებას მოითხოვს“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
თათია ლორთქიფანიძის პირადი მწვრთნელის, გელა მახარაშვილის თქმით, ლორთქიფანიძე დოპინგტესტზე არასდროს ჩავარდნილა. შევიწროების ფაქტების შესახებ ჟურნალისტებთან თავად ძალოსანმაც ისაუბრა.
„იყო ტრენერის მიერ შეურაცხყოფის ფაქტები, ზეწოლა, ორსულობის თემა დამაბრალა. ეს ჩემთვის აღმაშფოთებელი იყო. შეუძლებელი იყო მასთან მუშაობა. ერთხელ ოთახში შემოვიდა – „კაცი ხომ არ გინდაო?“. ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. ვუთხარი, ოთახიდან გასულიყო“, – განაცხადა თათია ლორთქიფანიძემ.
ცნობისთვის, 6 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ქალ ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის „ა“ ჯგუფში ვეღარ იასპარეზებდა, რადგან, ჩემპიონატიდან ქალ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილების გამო, ბრინჯაოს მედალოსანი თათია ლორთქიფანიძე მოიხსნა.
ფაქტს ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
„იმედი მაქვს, ეს დაკავშირებული არ არის ქალთა დისკრიმინაციასთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გახსნის ღონისძიებაზე.
„მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ქალს, არ მესმის ასეთი გადაწყვეტილებებისა, როცა ადამიანს ბრინჯაოს მედალი აქვს, ასევე, გავლილი აქვს დოპინგი და მასზე დიდი იმედები იყო ოლიმპიურ თამაშებში, რაღაც დისციპლინური მკაცრი დასჯის გამო, ვერ მიიღებს მონაწილეობას ევროპულ თამაშებში. ამით ზიანდება ქვეყანა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თემაზე კომენტარი გააკეთა ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ და აღნიშნა, რომ ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე არცერთი მწვრთნელის მითითებას დაემორჩილა და სისტემურად აცდენდა ვარჯიშებს.
ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი 6 აპრილს დაიწყო.
თამუნა შეყილაძე