ირაკლი კობახიძე: ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის მთავარი ფუნქცია ხალხის მომსახურება იქნება
„ცერემონიები იქნება ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის მხოლოდ ერთ-ერთი ფუნქცია, მთავარი ფუნქცია იქნება ხალხის მომსახურება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ავლაბრის რეზიდენციის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი ამოცანაა, სასახლე ხალხს დაუბრუნდეს და მთავარი ფუნქცია რეზიდენციას სწორედ ამ სულისკვეთების გათვალისწინებით მიენიჭება.
„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ შევასრულოთ ის დანაპირები, რომლებიც გავეცით. როგორც მოგეხსენებათ, ეს სასახლე აშენებულია ხალხისთვის წართმეული ფულით და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს სასახლე დავუბრუნოთ ხალხს და, შესაბამისად, ამ სულისკვეთების გათვალისწინებით იქნება მინიჭებული ახალი ფუნქცია, მთავარი ფუნქცია საპრეზიდენტო სასახლისთვისა. რაც შეეხება ცერემონიებს – ეს იქნება სასახლის მხოლოდ ერთ-ერთი ფუნქცია. მთავარი ფუნქცია იქნება ხალხისთვის მომსახურება”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე და საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ რა დატვირთვა მიენიჭება სასახლეს.