დავით სერგეენკო: გივი მოდებაძეს აქვს რეალური განცდა, ხედვა და სურვილი, რომ სხვისი ტკივილი და სიხარული არ იყოს მისთვის განყენებული ცნება
„იმისათვის, რომ დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები რეალიზდეს, აუცილებელია, ქალაქს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც, გარდა იმისა, რომ აქვს მეურნის ხედვა, ექნება განცდა, თუ რას ნიშნავს სხვისი ტკივილი და გაჭირვება“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენაზე განაცხადა.
მისი თქმით, გივი მოდებაძეს აქვს რეალური განცდა, ხედვა და სურვილი, რომ სხვისი ტკივილი და სიხარული არ იყოს მისთვის განყენებული ცნება.
„მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო! ჩემთვის მართლაც დიდი პატივია თქვენთან ჩამოსვლა, თქვენთან ყოფნა და ურთიერთობა. მე ბევრი რამ მაკავშირებს თქვენს ქალაქთან, დაწყებული ჯერ კიდევ სტუდენტობიდან სპორტამდე. აქ ჩემი მეგობრებიც იმყოფებიან, ვისთან ერთადაც ახლაც მტეხავს ხოლმე მხარი თამაშების შემდეგ, მაღაროს სტადიონზე. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თბილი დახვედრისათვის და დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა.
თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, თუ რამხელა ისტორია და შესაძლებლობა აქვს ამ ქალაქს. იმისათვის, რომ ის დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები რეალიზდეს, აუცილებელია, ქალაქს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც, გარდა იმისა, რომ აქვს მეურნის ხედვა, აუცილებელია, ჰქონდეს განცდა, თუ რას ნიშნავს სხვისი ტკივილი და გაჭირვება.
ჩვენ წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით და ვიცი, მას აქვს ამის რეალური განცდა, ხედვა და იმის სურვილი, რომ სხვისი ტკივილი და სიხარული არ იყოს მისთვის განყენებული ცნება. ბატონ გივი მოდებაძეს დადასტურებული აქვს თავისი განვლილი ცხოვრებით, რომ თითოეულმა თქვენგანმა იგრძნოს ნაბიჯები უკეთესობისკენ. მე გამოვხატავ დიდ პატივისცემას და მხარდაჭერას ამ ადამიანისადმი და ასევე, გიდასტურებთ უღრმეს პატივისცემას თითოეულ თქვენგანს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.