ირაკლი ღარიბაშვილი: წინა ხელისუფლება ქვეყნის სათავეში ვეღარ ჩადგება
„9-წლიან რეჟიმზე საუბარს ის დესტრუქციული ძალები გვაიძულებენ, რომლებსაც ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენზია აქვთ“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გეგა შენგელიას წარდგენისას განაცხადა. ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლება ქვეყნის სათავეში ვეღარ მოვა. მისივე თქმით, მას არ დაავიწყდება ის ისტორიები, “თუ როგორი ძალადობრივი რეჟიმით იქცეოდა წინა ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ“.
„შემდეგი პრობლემა, რაზეც მე მიმაჩნია, რომ უნდა გესაუბროთ, არის დესტრუქციული, არაკონსტრუქციული, რევანშისტული ოპოზიცია, რომელიც კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ხშირად ჩვენ გვსაყვედურობენ, მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, რომ რით ვერ დავასრულეთ 9-წლიან რეჟიმზე საუბარი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. ამას ჩვენ გვაიძულებენ ის ადამიანები, ის რევანშისტული, დესტრუქციული ძალები, რომლებიც აცხადებენ ჯერ კიდევ პრეტენზიას არათუ პოლიტიკაში დარჩენაზე, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი. ის რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ეს ძვირფასი მხარე, ჩვენი სამეგრელო, ჩვენი სიამაყე ძალიან გაანაწყენა, ძალიან გაამწარა. მე პირადად ვიცი უამრავი ისტორია. ეს ისტორიები არ მავიწყდება და არასოდეს არ დამავიწყდება, თუ როგორი ძალადობრივი რეჟიმით იქცეოდა წინა ხელისუფლება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ეს უნდა გვახსოვდეს, თუმცა ჩვენ უნდა ვიყუროთ წინ, მომავლისკენ, მაგრამ ჩვენ თუ არ მოვახდინეთ ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანა და განეიტრალება, რა თქმა უნდა, არ იქნება მშვიდობა და ხალხი ვერ დაისვენებს.
ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენ – ჩვენი გუნდი, საერთო ძალისხმევით, მოწოდებულია, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებულია სამეგრელოში, მაქსიმალური, სწრაფი ტემპებით განვავითაროთ ქვეყანა და ვიყოთ თქვენს სამსახურში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.