დავით ჭიჭინაძე: გოჭის თავს რომ ჩამოატარებენ სუფრაზე, ისე ჩამოგვიტარებთ ამ მინისტრებს და ვამთავრებთ ამ სხდომებს მხიარულად
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და სხვა მინისტრების პარლამენტში გამოსვლა “სუფრაზე გოჭის თავის ჩამოტარებას” შეადარა.
როგორც მან აღნიშნა, ის უკმაყოფილოა იმასთან დაკავშირებით, რომ მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან მის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო. „სამ-ოთხ საათს ადამიანს კითხვებს ვუსვამთ, შეზღუდულ დროში ვცდილობთ მოსახლეობის კითხვების მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ და, საბოლოოდ, “საზრიანთა კლუბში” კაპიტნების შეჯიბრი რომ არის – შეიკრიბებიან ერთ წუთში სათათბიროში და რაღაც პასუხები უნდა გასცენ, ისე დადგებიან. მერე გამოვლენ და აქ ხუმრობისთვის არიან მოსულები მგონი. ნახევარ კითხვებს პასუხს არ სცემენ, ნახევარს – როგორც თვითონ მიიჩნევენ საჭიროდ და წყვეტენ – გაგვცენ თუ არა პასუხი. მე მქონდა კონკრეტული კითხვა, რომელიც მოსახლეობას ძალიან ადარდებს და პასუხი ვერ მივიღე. ამიტომ, რა ქმედებაზე უნდა გადავიდეთ? შეფასება ამათ არ აქვთ. ორიანი რომ დავუწეროთ. გამოდის, რომ, ისევდაისევ, გოჭის თავს რომ ჩამოატარებენ სუფრაზე, ისე ჩამოგვიტარებთ ამ მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვამთავრებთ ამ ჩვენს სხდომებს მხიარულად. მერე იძახით, რომ მაგარი ეფექტური სხდომები გვაქვსო“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.