რატი იონათამიშვილი: პარაოლიმპიურ სპორტს ვლობირებ იმ დღიდან, როცა ჩემს ცხოვრებაში ეტლის საჭიროება გაჩნდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი პარაოლიმპიურ მოძრაობასთან კავშირს სოციალური მეშვეობით ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე განმარტა, ის პარაოლიმპიურ სპორტს ლობირებს იმ დღიდან, როცა მის ცხოვრებაში ეტლი გაჩნდა. “მოკლედ, “რუსთავი2” და გადაცემა “P.S” დაინტერესდა პარაოლიმპიური მოძრაობით, ამ მოძრაობასთან ჩემი კავშირითა და შშმ თემისთვის პოლიტიკური სარჩულის დადებით. მათთან ინტერვიუშიც ვთქვი და საჯაროდაც მინდა, დავაფიქსირო: შეზღუდული შესაძლებლობა არის თემა, რომლის პოლიტიზირება არის დაუშვებელი. არავითარი მნიშვნელობა აქვს, რომელ პოლიტიკურ გუნდს, პლათფორმას, ან იდეოლოგიას ვიზიარებთ. შშმ პირთა უფლებები თანაბრად უნდა იყოს დაცული და პოლიტიზირების ნებისმიერი მცდელობა მიმაჩნია ყველაზე მანკიერ და უღირს საქციელად. რაც შეეხება ჩემს ამ მოძრაობასთან კავშირს – მე პარაოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და შშმ პირთა სამოქალაქო მოძრაობაში 2003 წლიდან ვიმყოფები. პარასპორტში ბევრი პირველი პრეცედენტი შევქმენი (პარაპლანით ფრენა, პარაკანოე, პარააფროსნობა, ავტორბოლა, სპორტული ცეკვები ეტლით და სხვა, განსაკუთრებით ეტლით ექსტრემალური სპორტის სახეობებში). ყოველივე ამას ვაკეთებდი და ვრისკავდი იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი შშმ ახალგაზრდა დამეინტერესებინა და ჩამერთო პარაოლიმპიურ ცხოვრებაში. დღეს ბედნიერი ვარ, რომ ჩემზე ბევრად მაგარი გოგოები და ბიჭები მოვიდნენ, რომლებიც მედალს მედალზე იგებენ და მართლა ქაღალდის კარივით ამსხვრევენ სტერეოტიპებს. ვლობირებ თუ არა პარასპორტს? – დიახ, ვლობირებ პარასპორტსაც, უსინათლოთა უფლებებსაც, ყრუებსაც, ინტელექტუალური შეფერხების მქონე პირებსაც, ყველას. ვლობირებ იმ დღიდან, როცა ჩემს ცხოვრებაში ეტლის საჭიროება გაჩნდა. ვლობირებ დღესაც და, რა თქმა უნდა, დადგება ის დღე, როცა ხელისუფლებაში არ ვიქნები, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შშმ პირთა უფლებების ლობირებას სიცოცხლის ბოლომდე არ შევწყვეტ. ვმეგობრობ თუ არა პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან? დიახ, შალვა მაისურაძე ჩემი მეგობარია და ვამაყობ, რომ მისი და მისი გუნდის კომიტეტში მოსვლის შემდეგ პარასპორტი უპრეცედენტოდ განვითარდა – გვყავდა მხოლოდ 3 შშმ სპორტსმენი და ვითარდებოდა პარასპორტის 3 სახეობა. დღეს გვყავს 300 პარასპორტსმენი, ვითარდება პარასპორტის 20 სახეობა, მათ შორის – გუნდური სახეობები – უსინათლოთა ფეხბურთისა და მჯდომარე ფრენბურთის ეროვნულმა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატებზე იასპარეზეს. გვყავს აუტისტური სპექტრის ფეხბურთელთა და კალათბურთელთა გუნდები. ვითარდება ეტლით მოსარგებლეთა კალათბურთი! პირადად შალვას ინიციატივით ჩაერთვნენ მოძრაობაში ISAF-ის მისიაში დაჭრილი სამხედროები. გვყავს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, პარაოლიმპიადის გამარჯვებული, მონაწილეობა მივიღეთ ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებში. და ეს სულ რამდენიმე წელში. ჩემი პატივისცემა მას, მის გუნდსა და ჩვენს პარასპორტსმენებს! თურმე, ორი პარასპორტსმენი – აკაკი ჯინჭარაძე და თემურ არაბიძე ამბობს, რომ იბლოკება და რახან ევროპული საქართველოს წევრები არიან, ეს ამიტომ ხდება. განვმარტავ: აკაკის არ ვიცნობ კარგად, თუმცა, ვიცი, რომ ზუსტად ამ კომიტეტის მხარდაჭერით რეგულარულად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ტურნირებში…. აი, თემურიზე კი ნამდვილად მაქვს ამაგი. 8, თუ 9 წლის წინ თემურმა ისევ „რუსთავი2-ზე“ ჩემს მეგობარ მაია ასათიანთან ნახა ჩემი გამოსვლა, რის შემდეგაც გადაწყვიტა ჩემთან დაკონტაქტება. მე ბედნიერი ვიყავი მაშინაც, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და ბედნიერი ვარ დღესაც მისი ყოველი წარმატების გამო. ვიცი, თემურს უყვარდა ცეკვა, ნამდვილად გავუხსენი კარი ამ სამყაროში და ძალიან მალე ჩემზე მაგრადაც იცეკვა, ჩემზე მეტი სასწაულიც ქნა სცენაზე და „ნიჭიერშიც“ დამსახურებულად გაიმარჯვა. მე ყოველთვის ვიქნები მისი გულშემატკივარი და სულ არ მაინტერესებს, რომელი პოლიტიკური პარტიის წევრია, ან მხარდამჭერი. დაბოლოს, დავასრულებ იმით, რითაც დავიწყე – მიუხედავად იმისა, რომ ვარ პარტიის წევრი და ეტლით მოსარგებლე, ვერავინ იტყვის, რომ მე პოლიტიკური ინტერესებით ვიყენებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებს. თბილისსა და რეგიონებშიც მუდმივად მაქვს კონტაქტი მათთანაც და მათ წარმომადგენელ ორგანიზაციებთან. ხან გამომდის და ვეხმარები, ხან – ვერა. მაგრამ, ორივე შემთხვევაში, ნებისმიერმა იცის, რომ ჩემი მანდატიც უფრო მათ ეკუთვნით, ჩემი ტრიბუნაც და ჩვენ ერთი გზა და ერთი მიზანი გვაქვს. ასე რომ, ვინც ჩვენი თემის პოლიტიკურად გამოყენებას შეეცდება, იქ დაესმება წერტილი მის პოლიტიკურ და სამოქალაქო დონეს და გულწრფელობას. P.S. ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა ყველა ჟურნალისტს და ჩემი ტექსტიც, ცხადია, მათ არ ეხებათ”, – წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.