დიმიტრი გვრიტიშვილი – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევა ტენდენციური და მიკერძოებულია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევას ტენდენციურსა და მიკერძოებულს უწოდებს. მისი თქმით, აღნიშნული გამოკითხვა „იფსოს ფრანსის” კვლევის შედეგების გადაფარვის მცდელობაა.
„ეკა გიგაურის ორგანიზაცია განაგრძობს ჭორაობას სარდაფში ჩატარებული კვლევებით, რომელიც მთლიანად ეფუძნება მისდამი ლოიალურად განწყობილი ფოკუსჯგუფების გამოკითხვას. ეს არის უბადრუკი მცდელობა, რომ გადაიფაროს მსოფლიოში მესამე ადგილზე მყოფი კვლევითი ორგანიზაციის „იფსოს ფრანსის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.
 
მას, ასევე, მიზანშეწონილად არ მიაჩნია კვლევის დეტალების მიმოხილვა.
 
„ეს ჩემთვის არ არის კვლევა. ეს არის ტენდენციური, მიკერძოებული, მეთოდოლოგია არის აბსოლუტურად გაუგებარი. კითხვარიდანაც ირკვევა, რომ არის მიკერძოებული. ამიტომ, მიზანშეუწონლად მიმაჩნია, დეტალურად მიმოვიხილო კვლევის მონაცემები. ეს არის მცდელობა, გადაიფაროს ახლახან გამოქვეყნებული და მსოფლიოში ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია „იფსოს ფრანსის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები“, – აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
 
გვრიტიშვილის თქმით, ამ საკითხზე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილის შეფასებებს სწორედ „იფსოს ფრანსისა“ და „NDI“-ს მიერ ჩატარებულ კვლევას დაუპირისპირებს.
 
„ამ ორი კვლევის შედეგად, მოსახლეობის მხოლოდ სამიდან ათ პროცენტამდე არის აქტიურად დაინტერესებული სასამართლოში მიმდინარე მოვლენებით და ეროვნულ სახელმწიფოებრივ პრობლემად სასამართლოს მხოლოდ ეს მცირე ნაწილი მიიჩნევს. საზოგადოებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სხვა პრობლემები და ეს არის თითიდან გამოწოვილი, რასაც ე.წ. არასამთავრობო სექტორი წარმოადგენს პრობლემად სასამართლოში. ეს არის იმის გამოხატულება, რომ მათ და სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა დაკარგეს ზეგავლენის ბერკეტები სასამართლო ხელისუფლებაზე, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება შედგა“, – აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
 
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 83% მიიჩნევს, რომ სასამართლოში აღარ უნდა მუშაობდნენ მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ასევე, 43% მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, ე.წ. კლანი არსებობს. ამასთან, გამოკითხვის შედეგებით, 53 % ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები