გვენეტაძე გოცირიძეზე: ჩემთვის გასაკვირია, რატომ ვერ მოახერხა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, აღეკვეთა მსგავსი დარღვევები 2007 წელს

 

„ჩემთვის ფრიად გასაკვირია, თუ რატომ ვერ მოახერხა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელიც ახლა დარბაზშია, აღეკვეთა მსგავსი დარღვევები 2007 წელს“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „თიბისი ბანკის“ საქმეზე საუბრისას განაცხადა.
ცნობისათვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს, ამ პერიოდში, „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ საპარლამენტო წევრი, რომან გოცირიძე იკავებდა. „ჩემი წინამორბედის საქმიანობა არასოდეს შემიფასებია, მაგრამ დღეს კი უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ფრიად გასაკვირია, თუ რატომ ვერ მოახერხა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელიც ახლა დარბაზშია, აღეკვეთა მსგავსი დარღვევები 2007 წელს – მაშინ, როდესაც ბანკის კაპიტალის ადეკვატურობა ბანკის ფინანსური მდგრადობის ყველაზე მთავარი გარანტია. ამაზე უკეთესი ბერკეტი, ელემენტარულად, არ არსებობს. ჩემი ყოფილი კოლეგის საყურადღებოდ მსურს, განვაცხადო, რომ მე კაპიტალის ადეკვატურობის დარღვევის მიმართ აბსოლუტურად არატოლერანტული ვარ. ასევე, ჩემმა ერთ-ერთმა ყოფილმა კოლეგამ ერთ-ერთ ტელეინტერვიუში პოპულარული ენით სრულიად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და შეცდომაში შეიყვანა ფართო საზოგადოება. მან განაცხადა, რომ დამფუძნებლებმა თავიანთი ბანკიდან აიღეს ფული და შემდეგ ეს ფული, კაპიტალის სახით, ისევ ბანკში შეიტანეს, რაც, თითქოსდა, ჩვეულებრივი მოვლენაა. განვუმარტავ ყოფილ კოლეგას, რომ ბანკიდან მიღებული დამფუძნებლის ფული არის საკუთარი, თუ ეს ფული მიღებულია წილის გაყიდვით, ან = დივიდენდის სახით. ხოლო თუ დამფუძნებელი ბანკიდან ფულს იღებს სესხის სახით, ამ ფულს ამავე ბანკს აღარ უბრუნებს და ამით ბანკს ზარალი წარმოექმნება. ამას ბანკის მეანაბრეების თანხის საფრთხის ქვეშ დაყენება და დანარჩენი აქციონერების მოტყუება ჰქვია. და თუ რა ჰქვია ამ ყველაფერს პოპულარული ენით, ამას ამ ტრიბუნიდან არ ვიკადრებ და შეფასება თქვენთვის მომინდია. ასეთი ქმედება კანონმდებლობით მაშინაც აკრძალული იყო და ახლაც აკრძალულია”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები