დავით ბაქრაძე: ქართველები უცხოეთში დღეს აბსოლუტურად უპატრონოდ არიან დატოვებულები
ესპანეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხთან დაკავშირებით, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს უცხოეთში წასულ ქართველებზე.
ამასთან, ბაქრაძის თქმით, სახელმწიფომ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები პარტნიორ ქვეყნებთან შრომის ბაზრის გახსნასა და ლეგალური სამუშაო კვოტების შექმნაზე.
“როცა ჩვენი პარტნიორები საქართველოს აცხადებენ უსაფრთხო ქვეყნად, საქართველოს მთავრობა ამით ამაყობს. სინამდვილეში, უსაფრთხო სტატუსი ნიშნავს იმას, რომ იქ მყოფ ქართველებს დაადეპორტებენ გამარტივებული წესით, სასამართლოს გარეშე. ამის საწინააღმდეგოდ მთავრობა უნდა ითხოვდეს ჩვენი პარტნიორებისგან, მაგალითად, შრომის ბაზრის გახსნასა და ლეგალურად სამუშაო კვოტების მიცემას იქ მყოფი ქართველებისთვის. ამას ჩვენი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ აკეთებს. ქართველები უცხოეთში დღეს არიან აბსოლუტურად უპატრონოდ დატოვებული. მათ არ აქვთ თავშესაფარი, არ აქვთ კანონიერი სამუშაო, არ ჰყავთ ვინმე, ვინც მათ მიხედავს და გვერდში დაუდგება. აი, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და კრიმინალი არის ყველაზე მცირე ნაწილი. ძალიან დიდი ნაწილი უცხოეთში მყოფი ქართველებისა არის პატიოსანი ადამიანი, რომელიც აქედან წაიყვანა გაჭირვებამ, უმუშევრობამ და უპერსპექტივობამ”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.