ლევან გოგიჩაიშვილი: აზარტული სივრცე ქვეყანას აუბედურებს, უმრავლესობას გამბედაობა არ ეყო, ხალხის მხარეს წასულიყო

“აზარტული სივრცე ქვეყანას აუბედურებს. უმრავლესობას გამბედაობა არ ეყო, ხალხის მხარეს წასულიყო და მონოპოლისტური კომპანიის მხარე დაიჭირა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი მიზანმიმართულად ჩააგდეს. „ამ კომპანიას მონოპოლია მოპოვებული აქვს, ჯერ კიდევ, სააკაშვილის რეჟიმიდან, მას „აუთდორი“ ჰქვია. კანონპროექტი იმის გამო ჩავარდა, რომ მათ სერიოზულად ეკრძალებოდათ რეკლამების განთავსება. აზარტული სივრცე ქვეყანას აუბედურებს. უმრავლესობას გამბედაობა არ ეყო, ხალხის მხარეს წასულიყო და მონოპოლისტური კომპანიის მხარე დაიჭირა, რომელსაც თბილისის მერიამ გარე რეკლამასთან დაკავშირებით ხელახლა გაუგრძელა თანამშრომლობა. ეს არის კორუფციული შეთანხმება ხელისუფლებასა და ამ კომპანიას შორის. მაინტერესებს, ამ საკითხზე შეხვედრები პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მერს ამ მონოპოლისტურ კომპანიებთან ჰქონდათ თუ არა?! ამ საკითხს არ დავტოვებთ და ბოლომდე მივიყვანთ. ძალიან სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილებაა. რადგან ჩემი ინიციატივა გახლდათ, ესეც იყო მთავარი მიზეზი, რომ ვიღაცის თვალში არ ჩამწეროდა ქულები, ამიტომ ჩააგდეს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, პარლამენტმა ჩააგდო. საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები