პარლამენტმა აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, პარლამენტმა ჩააგდო.
საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, უმრავლესობა პროექტის სულისკვეთებას იზიარებს, მაგრამ მხარს არ უჭერს ნორმას, რომლის მიხედვითაც აზარტული თამაშების გარე რეკლამის განთავსება დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში უნდა აიკრძალოს. ​მდინარაძემ განმარტა, რომ თუკი ინიციატორი პროექტს ახლიდან, ახალი ფორმულირებით შემოიტანს, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.
ლევან გოგიჩაიშვილმა კი აღნიშნა, რომ თუკი უმრავლესობა კანონპროექტის სულისკვეთებას იზიარებს, მაშინ პირველი მოსმენით კანონპროექტის მხარდაჭერა უნდა მოხდეს. “თუკი პროექტის სულისკვეთებას იზიარებთ, მხარი დაუჭირეთ მას და თქვენი სახელი დაარქვით, ოღონდ მიიღეთ ხალხისთვის“, – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას. ამასთან, მმართველი გუნდის დეპუტატები: დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფო კილაძე და გია ვოლსკი კენჭისყრის გადადებისა და შემდგომი კონსულტაციების გაგრძელების წინადადებით გამოვიდნენ, თუმცა, მათი ამ შეთავაზების გაზიარება არ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები