ირაკლი კობახიძე: განახლება სჭირდება ყველა პარტიას, “ქართული ოცნებაც” განახლებული გუნდით შეხვდება ყველა არჩევნებს

“განახლება სჭირდება ნებისმიერ პარტიას, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების წინ და, ზოგადადაც, საჭიროა ახალი კადრების რეკრუტირება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ახალი კადრების მოძიების პროცესში მთელი პოლიტსაბჭოა ჩართული და, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც, პოლიტსაბჭოს წევრთან, ერთად პარტიის პოლიტიკური მდივანიც არის.
„ერთად ვმუშაობთ სიის განახლებაზე და შესაბამის ცვლილებებს საზოგადოება იხილავს. განახლება სჭირდება ყველა პარტიას და ჩვენც განახლებული გუნდით შევხვდებით ყველა შემდეგ არჩევნებს. ჯერ ახლა დაიწყო განახლება და რა მასშტაბით გახორციელდება, ეს არ ვიცით. ზოგადად, შეიძლება თქმა, რომ დღეს გუნდის თითოეული წევრი არის ღირებული. ამასთან ერთად, განახლებაც მნიშვნელოვანია. რამდენად მასშტაბური იქნება, ამას გვიჩვენებს ანალიზი, რომელიც გახორციელდება. სია ჯერ არ არის შედგენილი და არც მუშაობა დაიწყება. ამაზე მუშაობა მომავალი წლის ზაფხულამდე არ დაიწყება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილის სიაში მოხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს თავად ღარიბაშვილზეა დამოკიდებული. რაც შეეხება, უშუალოდ, სიის პირველ ნომრებს – კობახიძის თქმით, ამაზე მსჯელობა არ დაწყებულა.
„იქნება თუ არა პირველ ათეულში, ეს თვითონ ირაკლიზეც არის დამოკიდებული, როგორი ხედვა აქვს პოლიტიკაში, როგორ, რა მიმართულებით ესახება თავისი პოლიტიკური მომავალი. ამაზე მსჯელობისთვის საკმარისი დრო გვაქვს შემდეგი წელიწად-ნახევარი და, რა თქმა უნდა, ირაკლისთან კონსულტაციების საფუძველზე ყველაფერზე შევჯერდებით”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები