“რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ მის მიერ ტერიტორიების მიტაცება არ იქნება ხელისშემშლელი ასპირანტი ქვეყნებისთვის გაწევრიანების გზის შესათავაზებლად”

ნატო-ს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაში ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ 2008 წელს ამ ორი ქვეყნისთვის მაპ-ის მიცემაზე უარის თქმა შეცდომა იყო.
„ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში, ნატო განაგრძობს ალიანსში ახალი წევრების მიღებას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ გაფართოებისკენ მისწრაფებამ რუსეთის ანტაგონიზირების სიფრთხილე გააჩინა, ამგვარი თავშეკავება არაგონივრულია. ბოლო დროის ისტორია გვიჩვენებს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ნატო მერყეობს, რუსეთი თავდასხმაზე გადმოდის. მაგალითად, 2008 წლის აპრილში ნატო-ს მოკავშირეები ბუქარესტში შეიკრიბნენ, რათა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების საკითხი განეხილათ. გერმანიისა და საფრანგეთის დაჟინებული მოთხოვნით, ჩვენ გადავწყვიტეთ, გადაგვედო გადაწყვეტილების მიღება წლის ბოლომდე. ჩემი აზრით, ეს შეცდომა იყო. რამდენიმე თვეში, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში შეჭრის შესახებ ბრძანება გასცა და საქართველომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირება მოახდინა“, – წერს თავის სტატიაში ანდერს ფოგ რასმუსენი.
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ ნატო-ს წევრობისთვის კრიტერიუმების დაკმაყოფილების კუთხით.
„ნატო-სთან მჭიდრო ურთიერთობების პერსპექტივამ ბიძგი მისცა მნიშვნელოვანი დემოკრატიული და სამხედრო რეფორმების განხორციელებას.
ალიანსმა მკაფიოდ უნდა გააგებინოს რუსეთს, რომ რუსეთის მიერ ტერიტორიების მიტაცება არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი ასპირანტი სახელმწიფოებისთვის გაწევრიანების გზის შესათავაზებლად“, – წერს რასმუსენი.
ამასთან, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს კონფლიქტი დონბასის რეგიონში და რუსეთმა თავისი ჯარები გაიყვანოს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები