ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიციის განცხადებები, რომ საქართველო გამქრალია საერთაშორისო რადარებიდან, სიცრუეა
საქართველო კიდევ უფრო ეტაპობრივად და ინტენსიურად უახლოვდება ევროატლანტიკურ სტრუქტურებს – ამის შესახებ ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
„ტყუილია იმის თქმა, რომ საქართველო გაქრა საერთაშორისო რადარებიდან – ნიშნავს რომ სხვა ქვეყანაში ვიმყოფებით. ნატოს წვრთნები ჩატარდა, რაც არის უპრეცედენტო შემთხვევა და მთელი სერიოზულობით უნდა განვიხილოთ, ვინაიდან ასეთი სახის სწავლებები ტარდება, თუმცა ის ფაქტი, რომ საქართველო იყო მასპინძელი და წამყვანი ამ ღონისძიების, ეს არის უპრეცედნტო. ამას გარდა, ნატოს გენერალური მდივნის, სტოლტენბერგის ვიზიტი, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი – ძალიან მაღალი შეფასება, რაც ამ სწავლებას მოჰყვა, სწავლების ფორმატი – ნატო ასე უბრალოდ ასეთ რამეს არ აკეთებს. მას უნდა ჰქონდეს მასპინძელი ქვეყნის ნდობა, უნდა იყოს დარწმუნებული მასპინძლის და ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ძალიან მაღალ პროფესიონალიზმში, რადგან ამ ნდობას სჭირდება გამართლება. ამას ემატება გაგრძელება რაც მოჰყვა – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში და საქართველო-ნატოს კომისიის კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა, სადაც დაიგეგმა კიდევ ახალი პერსპექტივები. ეს ყველა მესიჯი არის საკმაოდ სერიოზული და წინ გადადგმული კარგი ნაბიჯი, რათა მოხდეს დაახლოება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან.
ასე რომ, არათუ გავქრით, არამედ პირიქით, ძალიან დიდი ინტერესი არის ჩვენ მიმართ და ასეთი ინტერესის გამოჩენა არ ხდება ისე, თუ თვითონ დასავლელი პარტნიორები არ იჩენენ სერიოზულ დამოკიდებულებას და ვერ ხედავენ პერსპექტივას. ასე რომ, ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი. ასე რომ, არათუ გაქრობა ხდება, კიდევ უფრო უახლოვდება საქართველო ეტაპობრივად და ინტენსიურად ევროატლანტიკურ სტრუქტურებს“, – აღნიშნა ექსპერტმა.
აღნიშნულ საკითხზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. „ჩვენ მოვისმინეთ ტყუილი და ახალი „ფეიკნიუსები“ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალებისგან, ვითომ საქართველო არ ფიქსირდება დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში და ვითომ, ჩვენ გავქრით რადარებიდან, ეს არის ტყუილი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.