საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის სავიზო რეჟიმი მარტივდება

მიმდინარე წლის 14 აპრილიდან, ტურისტული მიზნით ტაილანდის სამეფოში მიმავალი საქართველოს ორდინარული პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის Visa on Arrival რეჟიმი ამოქმედდება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და, 15 დღის განმავლობაში, ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში.
„აღსანიშნია, რომ, 2019 წლის 14 მარტიდან, ორივე ქვეყნის დიპლომატიური და ოფიციალური, ასევე – სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს აღარ ესაჭიროებათ წინასწარი ვიზის აღება. საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს მთავრობას შორის აღნიშნულთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის 26 სექტემბერს. ასევე, საყურადღებოა, რომ, 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ეწვევა ტაილანდის სამეფოს ოფიციალური დელეგაცია, ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორის, სასივატ ვონგსინსავატის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების სამინისტროს (Ministry of Agriculture and Cooperatives), ასევე ტაილანდის საერთაშორისო თანამშრომლობის საგენტოს წარმომადგენლები“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოსა და ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი, რომლის დროს მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები