ირაკლი კობახიძე: სტოლტენბერგის სტუმრობა ცხადყოფს ნატოს განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმართ

„იენს სტოლტენბერგის სტუმრობა ცხადყოფს ნატოს განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოსა და ინტეგრაციის პროცესის მიმართ”, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს საქართველოში.
ირაკლი კობახიძის თქმით, მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც საქართველოსა და ნატოს სხვადასხვა ფორმატში აკავშირებს, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უზრუნველყოფს.
„გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან სხვადასხვა ფორმატში და ეს, საბოლოოდ, უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო თანდათანობით დაუახლოვდება ნატოს და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივნის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც. მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ საჭიროა, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას საქართველოში საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად.
„რამდენიმე დღის წინ, გვქონდა საუბარი კონფერენციის ფორმატში არჩევნებზე. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საჭიროა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო საქართველოში და მე დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა დემოკრატიული არჩევნები 2012 წლის შემდეგ და, შესაბამისად, არა მარტო უნდა გავუფრთხილდეთ ამ მიღწევას, არამედ კიდევ უფრო მეტად უნდა განვავითაროთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები