პირს, რომელმაც, განსაკუთრებული სისასტიკით, ლიფტში ქალს 55 ჭრილობა მიაყენა, 17 წელი მიესაჯა

სააპელაციო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულის განაჩენი ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, უცვლელად, ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, ხულიგნური განზრახვითა და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.ჩ. დამნაშავედ იქნა ცნობილი.
სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ, 2018 წლის 27 მაისს, ქალაქ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, გ.ჩ.-მ ხულიგნური განზრახვით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლის მიზნით, ი.ა.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში 55 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის – 4 გულმკერდის არეში.
დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ი.ა.-ს გადარჩენა მოხერხდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გ.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 17 წლით  აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები