თეა წულუკიანი: პენიტენციური სამსახური წვევამდელებს კონტრაქტორებით ჩაანაცვლებს

0

„წელს რამდენიმე მცირე დაწესებულება შეირჩევა საპილოტედ, სადაც წვევამდელთა ინსტიტუტი გაუქმდება და საკონტრაქტო სამსახურს შემოიღებენ“ –  ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე წვევამდელების სისტემის რეფორმირების შესახებ საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს.

„ძალიან რთული თემაა საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლა და ალბათ იმიტომ, რომ კომპლექსური საკითხი იყო, მისი გადაჭრა ვერ მოხერხდა ვერც წინა და ვერც ახლანდელი ხელისუფლების პირობებში. ახლა ჩვენ მხოლოდ ნება და მზაობა გამოვხატეთ, რადგან ეს არც ერთ საათში და არც ერთ წელიწადში გადასაწყვეტი საკითხია; ვფიქრობთ, ეტაპობრივად განვახორციელოთ და წელს უკვე დავიწყოთ ეს პროცესი. სურვილი გვაქვს, თუ საკონტრაქტო სამსახური იქნება, გვეთქმოდეს სიტყვა, ვის ავიყვანთ უკვე ანაზღაურებად სამსახურში, წვევამდელებს, არაწვევამდელებს თუ სხვას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით წვევამდელების დეფიციტი საკმაოდ დიდია.

„რეალურად ჩვენ წლიურად 1 737 ახალწვეული გვჭირდება და გვაქვს 40%-იანი დაკომპლექტება – დანარჩენი ვერ გავიწვიეთ, რადგან ჩვენს სტრუქტურაში სამსახური ახალწვეულებს არ უხარიათ გასაგები მიზეზების გამო. ურჩევნიათ, სხვა ძალოვან სტრუქტურაში მოიხადონ სავალდებულო სამსახური. ეს არის ჩემი გამოწვევა და ვფიქრობ, გავასწოროთ ერთად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ხუთი წლის მანძილზე 60 მილიონიანი ინვესტიციაა საჭირო, აქედან ხარჯის 1/3 უკვე გაწეულია და ამჟამად ხარჯვის პროცესშია.

კომენტარები

კომენტარი