თეა წულუკიანი: პატიმართა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი იქნება ახალი სიტყვა ევროპისთვისაც

0

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, პენიტენციურ სისტემაში უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში პატიმართა ჩართულობასა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართული პატიმრების შესახებ ისაუბრა. ასევე, მათი მხრიდან დანაშაულის გამეორებით ჩადენასთან დაკავშირებულ კორელაციაზეც გაამახვილა ყურადღება. აღნიშნულ საკითხზე კითხვა იუსტიციის მინისტრს უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა დაუსვა.

“მოგესალმებით. მადლობა მოხსენებისთვის, სადაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით.
აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ საქართველოში ნაკლებად საშიშ პატიმრებს და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებებში მყოფ პირებს, კანონით, მიეცათ საშუალება, მიეღოთ უმაღლესი განათლება.
პატიმრების რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია პენიტენციალურ სისტემაში ჩვენი საქმიანობისა და მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიაა, რომელიც ფუნდამენტურ მიდგომას გამოხატავს, რომ დასჯიდან გავიდეთ რეაბილიტაცია-გამოსწორების მიმართულებით. პატიმრების მხრიდან პროფესიული განათლების მიღება აქამდეც იყო შესაძლებელი; თუმცა, ახლა უმაღლესი განათლების მიღების საშუალება დაემატა. მაინტერესებს, ხომ არ ფლობთ სტატისტიკას, რამდენად არიან ისინი ჩართული ამ პროცესში? რამდენად გაიზარდა მოთხოვნა განათლების მიღებაზე?
ასევე, თქვენ ისაუბრეთ, რომ სოციალურ მუშაკებზე გაქვთ ვაკანსია და მაინტერესებს, პენიტენციურ სისტემაში ხდება მათი რაოდენობრივი ზრდა, თუ ეს არის გადახალისების პროცესი? ასევე, მაინტერესებს მათი სოციალური მუშაკების მუშაობის ხარისხი – მაგალითად, თუ ახერხებენ ინდივიდუალურ მუშაობას პატიმრებთან და ა. შ.
ძალიან საინტერესოა ორივე მიმართულების შედეგები – როგორია კორელაცია რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართული პატიმრებისა და მათი მხრიდან გამეორებითი დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით?” – ჰკითხა ნინო წილოსანმა იუსტიციის მინისტრს.
წულუკიანმა, აღნიშნული კითხვის პასუხისას, პენიტენციურ დაწესებულებებში სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გახორციელებულ პროექტებზე, უმაღლესი განათლების შემოტანასა და გაძლიერებაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, უმაღლესი განათლების პროგრამაში 38 მსჯავრდებულია ჩართული, საიდანაც 4 ქალი და 34 მამაკაცია.
ამასთან, თეა წულუკიანმა, დეპუტატის კითხვაზე პასუხისას, იუსტიციის სამინისტროს ახალ რეფორმაზეც ისაუბრა, რომელიც თავისუფლებააღკვეთილ პირთა პროფესიულ მომზადება-გადამზადების ცენტრის გახსნას ითვალისწინებს.
“რეფორმა, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გახორციელდა, ეხება უმაღლესი განათლების შემოტანასა და გაძლიერებას. შარშანდელი მონაცემებით, 4 ქალი მსჯავრდებული და 34 მამაკაცი ჩაერთო. მე, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესად მივიჩნევ ამას. ციფრები, ასევე, აჩვენებს, რომ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ უფრო პოპულარულია პროფესიული განათლება, რომელშიც 500-ზე მეტი პატიმარია ჩართული.

ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაკეთდება თავისუფლებააღკვეთილ პირთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი. ეს იქნება ახალი სიტყვა, მათ შორის – ევროპისთვისაც. ამ მიმართულებით, უნდა გავაქტიურდეთ, რადგან რეციდივის თავიდან აცილების გზა არის პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა.
რაც შეეხება კორელაციას – ამ ეტაპზე, იუსტიციის სამინისტრო გეგმავს ახალი ტექნოლოგიის დანერგვას, რომლითაც სტატისტიკური მონაცემები დაითვლება. ციფრებზე შემდეგ ვისაუბრებ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი