დავით ზალკალიანი ურუგვაელ კოლეგას შეხვდა

საქართველოსა და ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრები ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების გზებზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ ვართ დიდ ქვეყნებს შორის მოქცეული პატარა სახელმწიფოები. ამ მხრივ, ერთი ტიპის გამოწვევები და მისწრაფებები გვაქვს“ – ამის შესახებ ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როდოლფო ნინ ნოვოამ ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან მონტევიდეოში გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ურუგვაის რესპუბლიკაში ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობების გამოხატულებად შეაფასეს. მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო წლებში ორი ქვეყნის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის დამყარებული მჭიდრო კონტაქტები და გამოთქვეს მზადყოფნა ამ კავშირების გამოყენებით აქტიურად იმუშაონ სხვადასხვა მიმართულებით ურუგვაისა და საქართველოს ურთიერთობების გასაღრმავებლად.

მინისტრებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ურუგვაისა და საქართველოს შორის პოზიციების თანხვედრას გლობალურად მნიშვნელოვანი საკითხებისა და პროცესების მიმართ.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგას და ურუგვაის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და მიაწოდა ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებული პროცესების შესახებ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ურუგვაისა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და არსებული პოტენციალის აქტიურად გამოყენების გზებზე მსჯელობას. მაღალი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს ეკონომიკურმა გარემომ; აღინიშნა, რომ გეოსტრატეგიული მდებარეობა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებთან, საქართველოს მიმზიდველს ხდის საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებით, მეწარმეობის განვითარების, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით.

მაღალი ინტერესი გამოიხატა სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ, მესაქონლეობის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობისადმი. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და ურუგვაის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს, რომელიც მიმდინარე წელს მონტევიდეოში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ურუგვაელი კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები